Belive

ცხადაძე, გეგუჩაძე და ფლამარიონი: როგორ შეაფასეს სეზონის გამორჩეული მატჩი მთავარმა მოქმედმა პირებმა? 

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გახსნით შეხვედრაში, "დინამო არენაზე", ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მთავარი პრეტენდენტი დაუპირისპირდა - ორი "დინამოს" დაპირისპირება ბათუმელებმა, თბილისელებთან მინიმალური უპირატესობით - 2:1 მოიგეს. მატჩის დასრულების შემდეგ, მთავარმა მოქმედმა პირებმა მედიასთან ისაუბრეს და სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული დუელი შეაფასეს.
"თამაშის განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვიყავით. ყოველ შემთხვევაში, გოლის გაშვების შემდეგ, გვქონდა იმისი უნარი, რომ ჩვენი გუნდის თამაში გაგვეძლიერებინა და ჩვენი ძალები დაგვემტკიცებინა. სამწუხაროდ, ისევ ჩვენი შეცდომის გამო ვაგებდით თამაშს, თუმცა ბიჭებმა ძალები მოიკრიბეს და მეორე ნახევარში არსებული უპირატესობა გოლებად ვაქციეთ. წინ კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი და ვერ ვიტყოდი, რომ ეს საკვანძო გამარჯვება იყო. იმედია კვლავ ჩვენ არ "ვივაჟკაცებთ" და უადგილო ადგილას ქულებს არ დავკარგავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.  ახლა შიდა ჩემპიონატში პაუზა გვაქვს და ევროსარბიელზე გადავერთვებით, მინდა "დინამო თბილისს" და ყველა ქართულ კლუბს ევროტურნირებზე წარმატება ვუსურვო", - თქვა გია გეგუჩაძემ, რომლის გონივრული შეცვლებიც მეორე ნახევარში თავის გუნდს პრინციპული მატჩის მოგებაში დაეხმარა.
მარცხით დამწუხრებული გახლდათ თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეც, რომელიც თავისი გუნდის მიერ საგოლე მომენტების რეალიზებაში პრობლემების არსებობით უკმაყოფილო იყო.
"წასაგები მატჩი ნამდვილად არ გვქონდა. ბიჭებმა კარგად იშრომეს და გამარჯვების მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა არაერთი მომენტი შევქმენით, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ, გამოცდილების ნაკლებობის ხარჯზეც, დავმარცხდით", - თქვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა.
გამარჯვების გოლის ავტორი ჯოვინო ფლამრიონი გახდა, რომელმაც აჭარულ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი და თანაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გოლი გაიტანა და თავის გუნდს თბილისურ მეტოქესთან ამ სეზონში მესამე სამი ქულა მოუტანა.
"ძალიან ბედნიერი ვარ ბათუმში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლის გატანით, თანაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ გუნდმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა. მიხარია, რომ მატჩის ცუდი სტარტის მიუხედავად, მოგება მაინც შევძელით", - თქვა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, რომლისთვისაც ეს ბათუმელთა მაისურით ეროვნულ ლიგაში გატანილი 22-ე გოლი გამოდგა.
21 ტურის შემდეგ და ზაფხულის ერთთვიანი შესვენების წინ, ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილს 43 ქულით "დინამო ბათუმი" ლიდერობს, ხოლო მათი მოსახელე თბილისური კლუბის მონაგარი 41 ქულა და მეორე პოზიციაა.

სხვა სტატიები