Belive

"წასვლა რომ მინდოდეს, ალბათ ხელს არ მოვაწერდი" - ოთარ კაკაბაძე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების და პოლონური "კრაკოვიას" ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ევროდან დაბრუნების შემდეგ პოლონურ სპორტულ მედიასთან WP SportoweFakty-სთან ისაუბრა, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ასევე თავის მომავალზე.

ევროპის ჩემპიონატზე:

ძალიან კარგი პერიოდი გვქონდა. ევროდან ორი კვირის დაბრუნების შემდეგაც კი ყველაფერი კარგად მახსოვს, ეს მართლაც მნიშვნელოვანი რამ იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. ამით ძალიან ვამაყობ. - ოთარ კაკაბაძე

ისტორიული შედეგის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება:

ტურნირის მსვლელობისას ყველა ჩვენგანი ვგრძნობდით ჩვენი სამშობლოს თითოეული მოქალაქის გვერდში დგომას და მხარდაჭერას. ისინი შესანიშნავად დაგვხვდნენ საქართველოში ევროდან დაბრუნების შემდეგ, უამრავი ხალხი იყო ქუჩებში, ეს დაუჯერებელი იყო. ქუჩები გადაჭედილი იყო. ქალაქში სპეციალურად ჩვენთვის გამოყოფილი ავტობუსით გავიარეთ და გულშემატკივრებს მივესალმეთ, ხელებს ვუქნევდით, მხარდაჭერისთვის მათ მადლობას ვუხდიდით. ეს იყო შესანიშნავი ღამე, ისეთი, როგორიც სამუდამოდ მემახსოვრება სიცოცხლის ბოლომდე. - ოთარ კაკაბაძე

"კრაკოვიას" ქომაგების მხარდაჭერა სტადიონზე, თუ მის გარეთ:

რა თქმა უნდა ვგრძნობდი მხარდაჭერას, პოლონეთიდანაც, კლუბიდანაც მწერდნენ, მირეკავდნენ და მოლოცვებიც გამომიგზავნეს. როგორც საქართველოდან ვგრძნობდი მხარდაჭერას, ასევე პოლონეთიდანაც. - ოთარ კაკაბაძე

ექსტრაკლასას მოთამაშის გაბრწყინება ევროპის ჩემპიონატზე, ოთარ კაკაბაძე და ერიკ იანზა:

დიახ, იანზა სლოვენიასთან ერთად მერვედფინალშიც გავიდა. ამ ტურნირზე ექსტრაკლასადან რამდენიმე მოთამაშე გვყავდა. ეს ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენ ქვეყანას ჩვენით ეამაყა, საიდანაც მოვდივართ. მე ვფიქრობ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. ეს ყველაფერი ანალოგიურად მუშაობს იმ ლიგის შემთხვევაშიც, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩემი თანამემამულეები, ქართველები და ჩემი ლიგის გულშემატკივრები ვფიქრობ კმაყოფილები უნდა იყვნენ. - ოთარ კაკაბაძე

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ევროზე:

ვფიქრობ, ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი პორტუგალიასთან გვქონდა, რადგან ამ შეხვედრამ საბოლოოდ გადაწყვიტა ჩვენი ჯგუფიდან გასვლის საკითხი. განსაკუთრებული გრძნობა იყო. სანამ ევროპის ჩემპიონატზე წავიდოდით ხალხი გვეკითხებოდა თუ რისთვის მივდიოდით იქ, ჩვენ კი ვუპასუხეთ, რომ არ გვინდოდა გერმანიაში ტურისტებად ჩასვლა და ვფიქრობ ჩვენ ამის დამტკიცება მოვახერხეთ. ჯგუფიდან გავედით, რასაც ვფიქრობ, რომ არავინ ელოდა. - ოთარ კაკაბაძე

კრიშტიანუ რონალდუს მაისური ხვიჩა კვარაცხელიას:

რონალდუ, რა თქმა უნდა, ბევრისთვის ფეხბურთის გმირია, ყველა ჩვენგანისთვის შესანიშნავი მოთამაშე, მაგრამ იმ მატჩის შემდეგ მაისურის გაცვლა მე არავისთვის მითხოვია. შესაძლოა როდესაც პატარა ვიყავი მაშინ ვცდილობდი მაისურების გაცვლას, მაგრამ ახლა მირჩევნია ჩემი შევინარჩუნო. - ოთარ კაკაბაძე

ტურნირის გმირი საქართველოდან. კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი?:

უკეთესი იქნება, ჩემს ნაცვლად ამ თემაზე გუნდის გულშემატკივრებმა ისაუბრონ. ჩვენს გუნდში რამდენიმე მოთამაშეს მართლაც შესანიშნავი თამაში ჰქონდა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გუნდურად წარმოუდგენლად ვიმუშავეთ. ჩემი მხრიდან ვინმეს გამოყოფა ალბათ არასწორი იქნება. თუმცა, ვეთანხმები ყველას, რომ ჩვენი მეკარე მამარდაშვილი საოცარი მოთამაშეა. ჩემთვის ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მსოფლიო ტოპ კლუბებში თამაში. სამომავლოდ მას ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდის მეკარედაც კი ვხედავ. ჩემი აზრით, ის მართლაც უმაღლესი დონისაა, არადა, ბევრი დიდი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. თუმცა, შეიძლება გყავდეს გამორჩეული მოთამაშეები, რომლებიც თამაშობენ ტოპ-კლუბებში და ამავდროულად, ისინი შეიძლება კარგად არ თამაშობდნენ გუნდურად. შემიძლია გითხრათ, რომ გუნდურად ჩვენ ნამდვილად ძალიან კარგად ვითამაშეთ და ეს მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს ადრეც კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ ასეთი შედეგი არავის ჰქონია. ახლა კი გუნდური სულისკვეთების წყალობით, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რასაც ჯგუფიდან გასვლა ჰქვია, ნამდვილად საამაყოა და ჩემი გუნდით ვამაყობ. - ოთარ კაკაბაძე

ესპანეთთან გამოვარდნაზე და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებაზე. დამატებითი პოზიტივი?:

ახლა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მას შემდეგ, რაც ტურნირს გამოვეთიშეთ ესპანეთს მხარს აღარ ვუჭერდით. ზოგიერთი ადამიანი ახლა ამბობს, რომ ჩვენ ჩემპიონებთან დავმარცხდით, შეიძლება ეს ზოგიერთისთვის მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩემთვის არა. თუნდაც ინგლისს მოეგო ტურნირი, ეს ჩემთვის არაფერს შეცვლიდა. თუმცა ხაზგასმით ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ესპანეთმა გამარჯვება დაიმსახურა, რადგან მათ კარგად ითამაშეს და ჩემპიონობასაც იმსახურებდნენ. - ოთარ კაკაბაძე

საქართველოს ფეხბურთის პერსპექტივა ევროპის ჩემპიონატიდან გამომდინარე:

მნიშვნელოვანია, რომ შედარებით ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ვფიქრობ, მომავალში საქართველოს მაინც შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება ევროპულ ფეხბურთში. ჩვენი შემდეგი მიზანი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ევროზე ეს შედეგი საქართველოს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც გარკვეული ინსპირაციაა. თუ ევრომდე ბევრმა ადამიანმა არ იცოდა საქართველოს შესახებ არაფერი, დღეს იციან. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სამუშაოს თავი კარგად გავართვით. - ოთარ კაკაბაძე

ფეხბურთელის მომავალი, ნანობს თუ არა კრაკოვიაში დარჩენას:

წასვლა რომ მინდოდეს, ალბათ ხელს არ მოვაწერდი. მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩემს ოჯახს ვესაუბრე. სიმართლე ის არის, რომ კრაკოვიაში ძალიან ბედნიერი ვარ. ასე რომ, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არ მინდა წასვლა. აქ თავს ნამდვილად ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ამიტომ ერთი წუთითაც არ მიფიქრია: "ევროს წინ რატომ მოვაწერე ხელი ამ კონტრაქტს?" არც ახლა ვფიქრობ ტრანსფერზე, აქ კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს. მე მთლიანად ორიენტირებული ვარ ექსტრაკლასაზე "კრაკოვიასთან" ერთად. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას. - ოთარ კაკაბაძე

ევროს შემდეგ დაინტერესებაზე:

ცოტა ხნის წინ ჩემს აგენტსაც ვესაუბრე და ტრანსფერებზე არ გვისაუბრია. ჩვენ ორიენტირებული ვართ "კრაკოვიაზე". აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და მინდა აქ დარჩენა. - ოთარ კაკაბაძე

სხვა სტატიები