Belive

წარმოუდგენელი ანაზღაურება | არსენალი ვინისიუსისთვის ისტორიულ კონტრაქტს ამზადებს

11 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანულ მედიებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი - არსენალი, ვინისიუსის ტრანსფერით არის დაინტერესებული და მზად არიან, რომ მათ კლუბის ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი შესთავაზონ.

​სატრანსფერო საგა უმაღლეს წერტილს აღწევს. "Telegraph"-ის ავტორიტეტული ჟურნალისტის, დენიელ კინგის ცნობით, „მეთოფეები“ მზად არიან ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის გადასაბირებლად ყველა ფინანსური ბარიერი მოხსნან.

არსენალი მზადაა ვინისიუსს შესთავაზოს იმაზე მეტი, ვიდრე ის ამჟამად რეალში იღებს - კვირაში 400 000+ ფუნტი. ბრაზილიელი მადრიდში კვირაში 400 000 ფუნტს გამოიმუშავებს, ჩრდილო ლონდონელები კი მზად არიან ამ ციფრს გადააჭარბონ და იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ არტეტას სურს ვინი არსენალის ახალი ერის მთავარი სიმბოლო და ლიდერი გახდეს - წარმატებული სეზონის შემდეგ, ​როდესაც კლუბი ასეთ ასტრონომიულ თანხებზე მიდის, ეს ნიშნავს, რომ „მეთოფეებს“ მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნება ყველანაირ ფასად სურთ.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბრაზილიელს 'სამეფო კლუბთან' კონტრაქტი 2027 წლის ჩათვლით აკავშირებს, თუმცა უკვე 6 თვეზე მეტია, რაც ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს, რადგან იგი ანაზღაურების გაზრდას ითხოვს, რასაც რეალი ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს.

სხვა სტატიები