ტორპედო და დილა კონფერენს ლიგაზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ
ქუთაისის ტორპედო და გორის დილა კონფერენს ლიგაზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ. ორივე ქართულმა კლუბმა, ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა.
ყაზახურ ორდაბასთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, ტორპედომ ფრედ (1:1) ითამაშა. ქუთაისელებს სახლში ჩატარებული მატჩი 4:3 ჰქონდათ მოგებული, შესაბამისად მეორე რაუნდში ქართული კლუბი გავიდა. თამაში ჩვენთვის კარგად დაიწყო, მე-13 წუთზე ანგარიში ირაკლი ბიიძინაშვილმა, შორეული დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, სოლომონ კვირკველიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ტორპედო 10 კაცით დარჩა. ქართველები მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე წარმატებით იცავდნენ თავს, თუმცა 96-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც გაათანაბრეს - ყაზახურ კლუბს ეს შედეგი ვერ დაეხმარა.
გორის დილას უფრო მარტივი შეხვედრა გამოუვიდა. ლუქსემბურგის რასინგი 35-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, რაც გორელებმა 91-ე წუთზე გამოიყენეს და მატჩის ერთადერთი გოლი იბრაჰიმა დრამემ გაიტანა. ქართულ კლუბს პირველი თამაშიც მოგებული ჰქონდა (1:2).
ტორპედოს მომდევო მეტოქე კვიპროსის ომინია იქნება, ხოლო დილა რიგას დაუპირისპირდება.
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში სულ 4 ქართული კლუბი ითამაშებს - საქართველოს ჩემპიონი იბერია ლევადიას შეხვდება, ხოლო სპაერი ვენის აუსტრიასთან მოსინჯავს ძალებს.