დიდი კონტრასტი - ქართული კლუბების გამოსვლა კონფერენს ლიგაზე
დღეს, 2-მა ქართულმა კლუბმა, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები ჩაატარა. მივიღეთ დიდი კონტრასტი - დინამო თბილისმა ვილნიუსის ჟალგირისი 3:0 დაამარცხა, ხოლო გორის დილა ლიმასოლის აპოლონთან დამარცხდა 0:4 (ორივე ქართული კლუბი საკუთარ მოედანზე თამაშობდა).
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა დინამომ, პირველი ტაიმი, მაღალ ტემპში და უდიდეს უპირატესობაში გაატარა - 45 წუთში გატანილი 3 გოლის გარდა (კურდიჩი, სანტოსი, უგრეხელიძე), თბილისელებს კიდევ 2 ძელი და უამრავი სახიფათო მომენტი ჰქონდა. თორნიკე კვარაცხელიას, რომელმაც ძირითად შემადგგენლობაში დაიწყო, ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. დინამომ მეორე ტაიმი ანგარიშის შენარჩუნებაზე, პრაგმატულად ითამაშა.
განსხვავებით დინამოსგან, დილამ თითქმის დაკარგა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი - კვიპროსელებმა ორივე ტაიმში 2-2 გოლი გაიტანეს. გორელები 43-ე წუთის შემდეგ 10 კაცით თამაშობდნენ - მოედნიდან ნანა კოფი დონკორი გააძევეს.
დინამო განმეორებით მატჩს 30 ივლისს ჩაატარებს, დილა კი კვიპროსში 28 ივლისს ითამაშებს.