ტონი კროოსი: "მესმის, თუ რატომ გაუბრაზდა ვინისიუსი ხაბი ალონსოს"
ესპანეთის ლა ლიგაში სეზონის პირველი 'ელ კლასიკო' შედგა. მეათე ტურში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' რეალმა ბარსელონა მიიღო და 2:1 დაამარცხა. მბაპესა და ბელინგემის გოლებს ფერმინ ლოპესმა უპასუხა - შედეგი ზუსტად არ ასახავს იმას, თუ როგორ აკონტროლებდნენ მასპინძლები მატჩის მიმდინარეობას. რეალს გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო.
ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ვინისიუსს, რომელიც ხაბი ალონსომ თამაშიდან 72-ე წუთზე მოხსნა, რამაც ვინისიუსის საშინელი გაბრაზება გამოიწვია, მეტიც - ამ შეცვლის შემდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მოედანი საერთოდ დატოვა და გასახდელში ჩავიდა, იგი კლუბთან ერთად არ დარჩა და მოედანზე მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ გამოჩნდა.
ვინისიუსის გაბრაზებისა და ხაბი ალონსოს ცვლილებაზე, რეალის ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა - ტონი კროოსმა ისაუბრა.
"ვინის გაბრაზება? მე მისი სრულიად მესმის - როდესაც განსაკუთრებულ თამაშს აჩვენებ, განსაკუთრებით ისეთ მატჩში, როგორიც კლასიკოა, შეცვლით ბედნიერი არ და ვერ იქნები.
მეც არასდროს ვყოფილვარ შეცვლით კმაყოფილი. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამის შემდეგ პირდაპირ გასახდელში არასდროს წავსულვარ და ეს მიდგომა ჩემი აზრით, არასწორია." - ტონი კროოსი
წინა სეზონში, ბარსელონამ რეალს ოთხივე ელ კლასიკო მოუგო, ამიტომ 'სამეფო კლუბისთვის' და პირადად ალონსოსთვის, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრას წინ უძღოდა დაძაბულობაც, რაც ლამინე იამალის უხეშმა რეპლიკებმა გამოიწვია - მატჩის დასრულების შემდეგ ამ ამბავს გაგრძელება და მცირე კონფლიქტებიც მოჰყვა.
მე-10 ტურის შემდეგ, რეალი ცხრილის პირველ ადგილზეა და ბარსელონას 5 ქულით უსწრებს.