Belive

თომას მიულერი და ჰარვარდის კვლევა | რა არის მასში განსაკუთრებული?

1 დღის წინ ფეხბურთი
10 წთ

როგორც წესი, ჰარვარდში ფეხბურთელებს არ იკვლევენ. თუმცა თომას მიულერისთვის გამონაკლისი მაინც დაუშვეს. რატომ? იმიტომ, რომ ის არღვევს ყველა დაწერილ თუ დაუწერელ წესს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს დიდი ფეხბურთელი. მას არ აქვს მბაპეს სისწრაფე, მესის დრიბლინგი, არც რონალდუს ათლეტური აღნაგობა. და მაინც - ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მან ჩამოაყალიბა ახალი განსაზღვრება, თუ რას ნიშნავს ლიდერობა მოედანზე თუ მის მიღმა. ეს არის "მიულერის ფენომენი" და რაც უფრო ღრმად იკვლევთ მას, მით უფრო ჰგავს ის ლიდერობის მასტერკლასს.

თომას მიულერის სახელი მიუნხენთან ასოცირდება, თუმცა მისი ისტორია ქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით, სამხრეთ-დასავლეთით იწყება. მიულერი პატარა სოფელ პელში დაიბადა - იმ ადგილას, სადაც, სავარაუდოდ, ადამიანზე მეტი ძროხა შეგხვდებათ, ადგილობრივი სპილენძის მუზეუმი კი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. და რა უნდა აკეთო სოფლად ბავარიაში გასართობად? სწორია - ფეხბურთი უნდა ითამაშო.

მიულერს ეს თამაში ადრეულ ასაკშივე შეუყვარდა, თუმცა განსაკუთრებული ნიჭიერებით არ გამოიჩეოდა. თუმცა 2000 წელს „მიუნხენის ბაიერნმა“ მასში რაღაც დაინახა და თავის აკადემიაში მიიწვია. ეს გადაწყვეტილება კი კლუბისთვის უდიდეს წარმატებად იქცა.

18 წლის ასაკში მიულერი პირველ გუნდში დააწინაურეს და 2008 წლის აგვისტოში მისი პროფესიონალური დებიუტიც შედგა. უმოკლეს დროში, მიულერი შეუცვლელ ფიგურად იქცა და პირველსავე სრულ სეზონში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. „ბაიერნის“ მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, მაშინ თავისი ცნობილი ფრაზა თქვა: „მიულერი ყოველთვის თამაშობს“. არ უხუმრია: მიულერის დებიუტიდან მის წასვლამდე, „ბაიერნმა“ 885 მატჩი ჩაატარა, მიულერმა კი მათგან 756-ში ითამაშა. მან თითქმის მთელი კარიერა მიუნხენურ გრანდში გაატარა და რამდენადაც იშვიათია მისი ერთგულება, იმდენადვე - მისი სტაბილურობა.

რიცხვებით ვისაუბროთ: მიულერმა „ბაიერნის“ მაისურით 250 გოლი გაიტანა და 276 საგოლე გადაცემა შეასრულა. მაგრამ ეს მხოლოდ "ბუნდესლიგაში". რაც შეეხება ევროპულ არენას? ჩემპიონთა ლიგაზე მასზე მეტი მატჩი მხოლოდ რონალდუს, კასილიასს და მესის აქვთ ჩატარებული. ასევე, კრიშტიანუს გარდა, არავის აქვს მასზე მეტი მოგება ჩემპიონთა ლიგაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ უამრავ მატჩსა და გოლზე. კიდევ გავაგრძელოთ: ბუნდესლიგა მიულერზე მეტჯერ არავის მოუგია. ჯამში, არცერთ გერმანელ ფეხბურთელს არ აქვს მასზე დიდი ტიტულების კოლექცია (35).

და როგორ მიაღწია მან ამ ყველაფერს?

ამ კითხვაზე პასუხს ჰარვარდის ბიზნეს სკოლამდე მივყავართ. ჩვეულებრივ, ისინი სტივ ჯობსის ან ილონ მასკის დონის ფიგურებს იკვლევენ, მაგრამ ამჯერად, მკვლევარების ინტერესის საგანი მიულერი გახდა. ჰარვარდის მიერ ჩატარებული "ქეის სთადის" თანახმად, მიულერის გენიალურობა სამ ძირითად უნარზე დგას. ერთი მათგანი არასტანდარტული საფეხბურთო ნიჭია, მაგრამ დანარჩენი ორი ისეთი თვისებაა, რომლის სწავლაც ნებისმიერ გენერალურ დირექტორს (CEO) ან მენეჯერს შეუძლია.

მიულერი არ ჰგავს ტიპურ თანამედროვე ათლეტს. და მაინც, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მისი წარმატების მთელი არსიც სწორედ ამაშია. თომას მიულერის თამაშის სტილში ყველაფერი უცნაურია. მისი მოქმედება თითქოს შემთხვევითი, არაორდინალური და ქაოსურია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მისი უნარი ისეთია, რომელსაც ვარჯიშით ვერც გამოიმუშავებ.

მიულერს ფეხბურთში ცნობილი მეტსახელი აქვს - Raumdeuter, რაც გერმანულიდან ითარგმნება, როგორც ადამიანი, რომელიც სივრცის მაძიებელია. მარტივად რომ ვთქვათ, საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა მისი სუპერძალაა. თითქოს, სივრცისა და შესაძლებლობების მაკონტროლებელი რადარი აქვს და მეექვსე გრძნობით ხვდება, საით წავა ბურთი, რა მომენტში დაუშვებენ შეცდომას მცველები და სად შეიქმნება ქაოსი. და მაშინ, მისი წინათგძნობა მართლდება, მიულერი უკვე ადგილზეა. ბუუუმ. ბურთი კარის ბადეში ეხვევა.

მიულერი იმის მაგალითია, რომ თუკი მოედანზე ყველაზე სწრაფად მოაზროვნე ხართ, წარმატებისთვის თვალისმომჭრელი ფინტები და ფიზიკური დომინაცია აღარ გჭირდებათ. თქვენი ძლიერი მხარე პოზიციის სწორი შერჩევა, ინსტინქტი და საფეხბურთო ინტელექტია. სწორედ ამიტომ, მიულერი ეფექტური მომენტების, ე.წ. "ჰაილაითების" მთავარი გმირი არასდროს ყოფილა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ბუნდესლიგის MVP-ის სტატუსი ვერ მოიპოვა, თუმცა მიულერი გუნდისთვის ყოველთვის უაღრესად ღირებული იყო. საბოლოო ჯამში, ტიტულებს სწორედ შედეგიანობა იგებს.

ვიცი, რომ ლამაზ ფეხბურთს არ ვთამაშობ, მაგრამ აქ ხალხის ფინტებით გასართობად არ მოვსულვარ. - თომას მიულერი

მაგრამ მხოლოდ ზემოთაღნიშნული "ბაიერნში" გატარებული 17 წლის ამხსნელად ვერ გამოდგება. აქ სცენაზე უკვე მიულერის პიროვნული უნარები გამოდის. ჰარვარდის თანახმად, მას სხვა მოთამაშეებისგან ლიდერული თვისებები, ადაპტაციის უნარი და მაღალი წნეხის პირობებში, მიმდინარე მოვლენებზე მომხდარი გავლენა გამოარჩევს.

კარიერის განმავლობაში მიულერი ცნობილი იყო, როგორც მწვრთნელებისთვის ყველაზე კომფორტული, მრავალმხრივი და მენტალურად მდგრადი ფეხბურთელი. „ბაიერნში“ მისი ყოფნის პერიოდში, ტაქტიკა და მწვრთნელები იცვლებოდნენ, კლუბს უამრავი ვარსკვლავი მოჰყავდა - რიბერი, რობენი, ლევანდოვსკი, კეინი, სანე, კოუტინიო - მაგრამ მიულერი შეუცვლელად რჩებოდა. გერმანელი შემტევი მუდამ განვითარებაზე ზრუნავდა და ყოველი სეზონის სტარტზე, საკუთარ თავს ეკითხებოდა: სად შემიძლია გუნდისთვის ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა?

მაგალითად, როდესაც „ბაიერნს“ ლევანდოვსკი შეუერთდა, მიულერმა იცოდა, რომ მისთვის რთული იქნებოდა თავდამსხმელის პოზიციის შენარჩუნება. ამიტომ, მან აქცენტი სხვა პოზიციაზე თამაშის გაუმჯობესებაზე გააკეთა. ის საფეხბურთო ქამელეონს ჰგავდა - მუდმივად იცვლიდა ფორმას და გუნდისთვის საჭირო აქტივად ტრანსფორმირდებოდა.

ჰარვარდის კვლევისა და თავად მიულერის თანახმად, მას სწორედ ეს გამძლეობა და ადაპტაციის უნარი გამოარჩევს. მაშინაც კი, თუ 10-ჯერ გაიქცა და პრესინგი უშედეგოდ განახორციელა, ის არ მოეშვება და მიზნის მიღწევამდე არ მოდუნდება.

ეს თვისება დღესაც ჩანს. "ვანკუვერში" ტრანსფერით და MLS-ში გადასვლით, მიულერმა პირველად შეიცვალა კლუბი. ახალი ლიგა, ახალი თანაგუნდელები, ახალი გარემო - თითქოს ამას მნიშვნელობა არ აქვს. პირველ 13 მატჩში მან 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ვისაუბრეთ ადაპტაციის უნარზე, უნიკალური ნიჭსა და მენტალური სიმტკიცეზე. მაგრამ მიულერის თავსატეხს ბოლო ნაწილი მაინც აკლია. ჰარვარდის თანახმად, ფაზლის ბოლო ნაწილი მიულერის უნიკალური პიროვნება და იუმორის გრძნობაა. გასახდელში ის კომიკოსის როლს ასრულებს. დაუსრულებელი ლაპარაკის გამო მეტსახელად „რადიო მიულერიც“ კი შეარქვეს.

მაგრამ ეს მხოლოდ ხუმრობა ხომ არ არის. მიულერი ახალ თანაგუნდელებსა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ადაპტაციაში ეხმარება და გასახდელს ადამიანურს, მეგობრულს ხდის. შესაბამისად, მისი დამსახურებით, მატჩისწინა დაძაბულობა ფეხბურთელებში ქრება. გარდა ამისა, ის არის ადამიანი, რომელიც გუნდს მორალურად დაცემის საშუალებას არ აძლევს. მაგალითად, 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, საკუთარ სტადიონზე განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, მიულერმა თანაგუნდელებს შეტყობინება გაუგზავნა - თავი მაღლა აეწიათ, რადგან მომავალ წელს აუცილებლად მოიგებდნენ. და ასეც მოხდა.

მთელი ამ „სულელური“ ხუმრობების მიღმა, დგას ბუნებრივი ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს მეტისმეტად სერიოზულად არ აღიქვამს. სწორედ ამიტომ გახდა ის როგორც გასახდელის, ასევე მედიის ფავორიტი. არის გულწრფელი, უშუალო და ყოველთვის აქვს ერთი-ორი ძველმოდური ხუმრობა შემონახული (მაგალითად, "ლევანდოვსკი - ლევანგოლსკი").

სწორედ ამ უნარებმა ჩამოაყალიბა თომას მიულერი ლეგენდად. და რა ელის მას მომავალში? 36 წლის ასაკში, ფეხბურთს კვლავ აქტიურად თამაშობს, მაგრამ მალე შესაძლოა ახალი როლი მოირგოს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ის სატელევიზიო ექსპერტად, მაგრამ ჰარვარდის კვლევა ვარაუდობს, რომ მისი პიროვნული უნარების გამო, მიულერს მენეჯერული პოტენციალი აქვს. ზოგიერთი ექსპერტი უფრო შორსაც მიდის და თვლის, რომ მისი გზა, გარკვეულწილად, დაწერილია. ლოთარ მათეუსი, მაგალითად, წინასწარმეტყველებს, რომ მიულერი ერთ დღეს „ბაიერნის“ პრეზიდენტი გახდება. მოხდება თუ არა ეს, დრო გვიჩვენებს, მაგრამ არავის გაუკვირდება მისი ხილვა ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ოლივერ ბირჰოფის სიტყვებით რომ ვთქვათ: „თუ ერთ ფეხბურთელზე დავდებდი ფსონს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ბიზნესშიც წარმატებული იქნებოდა, ეს თომას მიულერია“.

მაშ ასე, რისი სწავლა შეგვიძლია მიულერის ფენომენისგან? დებიუტიდან მოყოლებული, თომას მიულერი ამტკიცებს იმას, რისი სწავლებაც ყველა მწვრთნელს სურს: არ არის აუცილებელი, იყო ყველაზე ნიჭიერი, რომ გახდე წარმატებული. სამყაროში, სადაც ინდივიდუალური ბრწყინვალება ყველაზე მეტად დაფასებულია, მიულერმა წარმატებას შემდეგი გზით მიაღწია - მან გახადა სხვები უკეთესი. სპორტშიც და ცხოვრებაშიც - განა სწორედ ეს არ არის ჭეშმარიტი სიდიადის არსი?