Belive

"თითქოს აუტსაიდერია, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს" - ბელგიური პრესა საქართველოზე

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. აღნიშნული ტურნირი იმ გარემოებითაცაა მნიშვნელოვანი, რომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს.

საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ურთულეს ჯგუფშია, სადაც ბელგიის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება. ახალგაზრდული ევროპირველობის დაწყებამდე, ბელგიური პრესა მეტოქე გუნდების სიძლიერის შესახებ წერს და საქართველოს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

ბელგიელები განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძესა და გიორგი მამარდაშვილს უთმობენ, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არაა, ვიხილავთ თუ არა ამ ტრიოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე. სამივე მათგანი ეროვნული ნაკრების შეკრებაზეა და კვიპროსისა (17 ივნისი) და შოტლანდიის (20 ივნისი) წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ემზადება.

"საქართველო? თითქოს ფურცელზე აუტსაიდერია, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც აქტიურად უნდა დავაკვირდეთ. "ნაპოლის" ვარსკვლავს ნამდვილად შეუძლია, რომ მისი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები სულ სხვა დონეზე აიყვანოს. ნაკრები, რომელსაც ასევე შეუძლია დაეყრდნოს გიორგი მიქაუტაძესა და "ვალენსიას" კიპერ გიორგი მამარდაშვილს. ქვეჯგუფის საუკეთესო ორ გუნდს შორის მოხვედრა, ჩვენი ნაკრებისთვის მარტივი არ იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებისა და ბელგიის დაპირისპირება 24 ივნისს გაიმართება.

U21 | გაფართოებული შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ცოტნე ფაცაცია (შუქურა ქობულეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ლადო ჩიხრაძე (სამგურალი).

U21 | მატჩების განრიგი 

21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00

სხვა სტატიები