Belive

თემურ ქეცბაია: "საქართველო ჩემი სამშობლოა, მაგრამ არც კვიპროსია უცხო ქვეყანა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა და კვიპროსის ეროვნული გუნდის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ამ ქვეყნების მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

"ჩემპიონატი უკვე დასრულებულია და ასეთ პერიოდში თამაში სასიამოვნო არ არის, თუმცა ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენ კი არა, ყველა ქვეყნის ნაკრებია.

წინ რთული მატჩები გველის, მაგრამ მატჩებამდე 10 დღე გვაქვს და იმედი მაქვს ამ პერიოდში სათანადოდ მომზადებას მოვახერხებთ.

საქართველოსთან მატჩზე ბევრი ვისაუბრეთ, ეს ჩემთვის განსაკუთრებული შეხვედრაა. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ჩემი ქვეყანაა, ქვეყანა სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ არც კვიპროსია ჩემთვის უცხო ქვეყანა, 30 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემი ცოლი კვიპროსელია, ჩემი ქალიშვილი კი ნახევრად ქართველი, ნახევრად კი კვიპროსელი.

საქართველოს წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება. ახლა მათ განსაკუთრებით ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც დიდ ქვეყნებში თამაშობენ. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც გამოირჩევიან ევროპაში.

ეროვნული გუნდის შემადგენლობა ხშირად იცვლება, ჩვენ შანსს ბევრ მოთამაშეს ვაძლევთ, რათა ნახონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ და კარი ყველასთვის ღიაა", - თქვა 55 წლის ქართველმა სპეციალისტმა.

თემურ ქეცბაიამ შეკითხვაზე თუ რა გეგმა აქვს კვარაცხელიასა და ჰოლანდის შესაჩერებლად ასე უპასუხა: "ყველა ქვეყანას ჰყავს გამორჩეული შემტევები. ერთი მათგანი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელია, მეორე კი ინგლისის. რა თქმა უნდა, დაგვჭირდება მათი კარგად შესწავლა და სათანადოდ მომზადება, რომ პრობლემები არ შეგვიქმნან".

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი 17 ივნისს ლარნაკაში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები