Belive

თემურ ქეცბაია: "ამ მატჩის შემდეგ გამოჩნდება თუ რომელი ნაკრები რისთვის იბრძოლებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს 17 ივნისს, სტუმრად, "აეკის" სტადიონზე დაუპირისპირდება.

მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად კვიპროსელთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და ორივე ქვეყნის მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ხვალინდელი შედეგის შემდეგ გუნდები გაიაზრებენ, თუ რა მიზნებისთვის იბრძოლებენ ტურნირის ბოლომდე. საქართველოს ნაკრებს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ასევე, ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მატჩში წარმატებას მივაღწიოთ.

5 წელიწადი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ ისეთი მნიშვნელოვანი წარმატება, როგორსაც მაქსიმალისტი გულშემატკივარი ელოდა, იმ დროს ვერ მოხდა, თუმცა იმედი მაქვს რომ დღევანდელი ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ნაკრები სამომავლოდ წარმატების მიღწევას მოახერხებს.

ამ მატჩით პირადად არაფრის დამტკიცება არ მსურს. ეს არის სანაკრებო დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის, რომელიც ამ შესარჩევი ეტაპისთვის არის მნიშვნელოვანი.

საქართველოს ნაკრებს ბევრი ინდივიდუალურად კარგად მომზადებული ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მაქსიმალურად კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს ბევრი სივრცე არ დავუტოვოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

ჩვენ არ გვინდა სატურნირო მდგომარეობაზე და საბოლოო შედეგებზე ვიფიქროთ, გვსურს უშუალოდ ხვალინდელ მატჩზე ვკონცენტრირდეთ. ვფიქრობ, არც ჩვენ და არც საქართველო ამ ჯგუფში ფავორიტები არ ვართ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმუმს არ გავაკეთებთ.

ვფიქრობ, ჩემი წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში ბევრი ცვლილებაა. გუნდი წარმატებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ევროპულ საკლუბო ფეხბურთში წარმატებით გამოდიან, ტიტულების მოგებას ახერხებენ და ეს სასიხარულოა. მიხარია, რომ ნაკრებში წარმატებული და ნიჭიერი ფეხბურთელების ბირთვი შეიკრა, რომელიც სამომავლოდ წარმატების მიღწევას მოახერხებს", - თქვა თემურ ქეცბაიამ.

საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი 17 ივნისს შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

სხვა სტატიები