"თავს ისე ვგრძნობ თითქოს მიღალატეს" - ჟოზე მოურინიო
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ ფეხბურთელს მოღალატე უწოდა და თქვა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი კლუბის ძებნა მოუწევს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა სპორტსმენის მიმართ, რომელსაც არ ასახელებს, გაბრაზება არ დამალა.
Mourinho isn't playing around 😳 pic.twitter.com/8jxXqa9W8N
— ESPN FC (@ESPNFC) November 10, 2022
"თავს ისე ვგრძნობ თითქოს მიღალატეს. მან ყველას უღალატა. ვინ არის? არ ვიტყვი. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, მას იანვარში სხვა გუნდის ძებნა მოუწევს." - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ეს ფეხბურთელი ნიდერლანდელი მცველი რიკ კარსდორპია, რომელიც სათადარიგოდან ბოლო მატჩში 65-ე წუთზე ჩაერთო.
"სასუოლოსთან" შეხვედრაში მე-80 წუთზე, ტამი აბრაჰამის მეშვეობით, რომაული გუნდი დაწინაურდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ანდრეა პინამონტიმ გაათანაბრა. ამ ყველაფერში კი, კარსდორპის დანაშაული აშკარა იყო.
"შეცდომა თამაშის ნაწილია. მე თანაგუნდელებთან არაპროფესიონალური და არაკორექტული დამოკიდებულება მაწუხებს, ეს გასახდელში უკვე ვთქვი და ამას ხშირად არ ვაკეთებ. თამაშის შემდეგ გუნდთან იშვიათად ვლაპარაკობ. მოედანზე 16 ფეხბურთელი მყავდა, ერთის გარდა ყველას შემართება მომეწონა და ეს არ დავმალე." - ჟოზე მოურინიო.
"რომა" სერია A-ში მეექვსე ადგილზეა და 14 ტურის შემდეგ, ლიგის ლიდერ "ნაპოლის" 12 ქულით ჩამორჩება.