თემურ ქეცბაია: "მოზერველის პასუხს ველოდები, ვფიქრობ ვიმსახურებ"
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
თემურ ქეცბაიას თქმით, შოტლანდიური კლუბის, "მოზერველის" საბოლოო პასუხს ელოდება. მწვრთნელმა, სტიუარტ კეტველმა თანამდებობა იანვარში დატოვა და კლუბი მის შემცვლელს ეძებს. მოზერველმა სავარაუდო კანდიდატთა სია ორამდე შეამცირა და ერთ-ერთი მათგანი თემურ ქეცბაიაა. თემურს საკუთარი CV რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა გაგზავნილი.
მალე გაირკვევა, წავალ თუ არა შოტლანდიაში მოზერველის მწვრთნელად. ველოდები რა იქნება. კვიპროსის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ საქართველოდან და საბერძნეთიდან შემოთავაზებებზე უარი ვთქვი.
სიმართლე ისაა, რომ მე არ მომეცა საშუალება ევროპის უმაღლეს ლიგაში გამომეჩინა თავი, რომელიც, ვფიქრობ, დავიმსახურე იმით, რასაც კვიპროსში მივაღწიე.
საზღვარგარეთ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ კვიპროსულ ფეხბურთს. რაც შეეხება მწვრთნელებს, დიდი მნიშვნელობა აქვს რა პასპორტი გაქვს.
ესპანელი რომ ვიყო, ძალიან დიდი გუნდის მენეჯერი ვიქნებოდი. - განაცხადა თემურ ქეცბაიამ
თემურ ქეცბაია ბოლოს კვიპროსის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელსაც 2022 წლის ივნისიდან 2024 წლის სექტემბრამდე ედგა სათავეში. შოტლანდიაში, ფეხბურთელის რანგში, მას "დანდიში" 2001-დან 2002 წლამდე პერიოდი აქვს გატარებული.