ტანგი ნდომბელე: "კვარაცხელიამ გამაკვირვა, ის ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა"
"ნაპოლის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტანგი ნდომბელემ იტალიურ მედიასთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუში ბევრი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა და მათ შორის საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, ის 22 წლის ქართველი ვარსკვლავის სათამაშო დონემ და შესაძლებლობებმა გააკვირვა.
"ყოველთვის ვამბობ, რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ იტალიის ლიგას არც ისე კარგად ვიცნობდი. ნამდვილად გაკვირვებული ვიყავი ზოგიერთი გუნდის, ზოგიერთი მოწინააღმდეგის ან ზოგიერთი თანაგუნდელის დონითაც კი.
მაგალითად, კვარას არ ვიცნობდი და ის ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, მაგრამ რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ შევატყვე თუ რა ჰქონდა მას ფეხებში.
ზოგადად, დიდი გუნდი აღმოვაჩინე და არ მიკვირს, რომ ის დღეს არის იქ სადაც არის. ახლა, რა თქმა უნდა, გუნდში ყოფნა, რომელსაც აქვს ბურთი, რომელიც წინ მიდის, ჩემი თვისებების გამოვლენის საშუალებას იძლევა", - თქვა 26 წლის ფეხბურთელმა.
"ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ, ტანგი ნდომბელეს ბალანსზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 შეხვედრაში 2 გატანილი გოლი და 1 საგოლე პასია.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.