Belive

თანაბარი თამაშის მიუხედავად, დებიუტანტმა მეტოქეს ვერ აჯობა

13 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღევანდელი საფეხბურთო საღამო ავსტრიისა და იორდანიის მატჩით დამთავრდა. საკმაოდ მოულოდნელად, დებიუტანტმა და ერთი შეხედვით აუტსაიდერმა იორდანიამ, მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და თანაბრად ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მაინც დამარცხდა.

ანგარიში, მატჩის 21-ე წუთზე, ულამაზესი დარტყმით, რომანო შმიტმა გახსნა. იორდანიას, პირველ ტაიმში, რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ გუნდმა მათი გამოყენება ვერ შეძლო.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, ალი ოლვანიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა და ანგარიშიც გაათანაბრა. შეხვედრის 68-ე წუთზე, ავსტრიას გოლი გაუუქმეს მას შემდეგ, რაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი, მარკო არნაუტოვიჩს, თანაგუნდელის, სტეფან პოშის ხელიდან ასხლეტვის შემდეგ მიუვიდა. მაგრამ ამის შემდეგ რამდენიმე წუთში, კვლავ ავსტრიელთა კუთხურის დროს, იორდანიის ცენტრალურმა მცველმა, იაზან ალარაბიმ ავტოგოლი გაიტანა და ევროპელები მაინც დაწინაურდნენ.

გაშვებული გოლის შემდეგ, იორდანიელები კვლავ ცდილობდნენ შეტევას და მეტოქე გუნდისთვის გოლის გატანას, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. საპირისპიროდ კი, ევროპელებმა, მატჩის მიწურულს, მესამე გოლი გაიტანეს. შეხვედრის ბოლო წუთზე, მეტოქის საჯარიმოში შესული არნაუტოვიჩი კარისკენ ურტყამდა, რა დროსაც, იორდანიის ნაკრების მცველს, სალემ ობაიდის ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი თავად მარკო არნაუტოვიჩმა შეასრულა და საკუთარი ნაკრების უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა.

ავსტრიამ იორდანიას 3:1 მოუგო და არგენტინასთან ერთად, ჯგუფში პირველ ადგილს იყოფს. ევროპელები მომდევნო შეხვედრას სწორედ მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ჩაატარებენ. იორდანია კი ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრაში, ალჟირს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები