Belive

ეგვიპტე მერვედფინალშია - ავსტრალიას მეკარის ცვლილებამ არ უშველა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ეგვიპტემ, დაძაბულ ბრძოლაში, ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა (4:2) და მერვედფინალში გავიდა.

შეხვედრის დასაწყისში, მე-5 წუთზე, ავსტრალიას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ კრისტიან ვოლპატოს დარტყმულის შემდეგ, ეგვიპტე ხარიხამ გადაარჩინა. აქედან მალევე კი, თავად ეგვიპტე დაწინაურდა. მე-13 წუთზე, ავსტრალიელთა საჯარიმოში, კარიმ ჰაფეზის ჩაწოდებულ ბურთზე, ემამ აშურიმ ითამაშა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა.

ეგვიპტელებს, მეორე ტაიმის სტარტზევე შეეძლოთ კიდევ ერთი გოლის გატანა, როდესაც ემამ აშურის დუბლის შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ავსტრალიელთა კარს აცდა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში კი თავად ავსტრალიელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. ეიდენ ონილის ჯარიმიდან ჩაწოდების შემდეგ, ეგვიპტელთა მარჯვენა მცველმა, მოჰამედ ჰანიმ, ავტოგოლი გაიტანა.

ამ გოლის შემდეგ, თამაშის ტემპი მეტ-ნაკლებად დავარდა. ეგვიპტის ნაკრების კაპიტანი და გუნდის ლიდერი, მოჰამედ სალაჰი, რომელსაც ამ შეხვედრაში ბევრი არ ელოდებოდა, მატჩის მიწურულს გააქტიურდა და მისი ჩაწოდებების შემდეგ, ეგვიპტეს თამაშის მოგება ძირითად დროშივე შეეძლო. მაგრამ პირველ შემთხვევაში, რამი რაბიას, პატრიკ ბიჩმა აუღო. აქედან მალევე კი, ჰასემ ჰასანის დარტყმული, ავსტრალიელთა ცენტრალურმა მცველმა, ჰარი სუტარიმ დაბლოკა.

მატჩში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო გოლის გატანა. 119-ე წუთზე, მოედანზე, პატრიკ ბიჩის მაგივრად, მეტ რაიანი შემოვიდა. ეს ცვლილება სპეციალურად თერთმეტმეტრიანების სერიის წინ გაკეთდა. მაგრამ მეტ რაიანის გამოცდილებამ, ავსტრალიას ვერ უშველა. პენალტების სერიაში, ავსტრალიელთა მხრიდან, ჰარი სუტარიმ და ლუკას ჰერინგტონმა ააცილეს. ეგვიპტიდან კი გადამწყვეტი პენალტი ჰოსამ აბდელმაგუიდიმ გაიტანა და თავისი ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა.

დღეს 1/16 - ფინალის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და კაბო-ვერდეს ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეგვიპტე კი მერვედფინალში, სწორედ მათ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები