ტადიჩმა ხორდი კრუიფის წინადადებაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არ დაბრუნდა აიაქსში
დუშან ტადიჩმა დაადასტურა, რომ აიაქსში შესაძლო დაბრუნებაზე ხორდი კრუიფთან ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ კრუიფთან საუბარი კარგად წარიმართა, სერბმა ახალი გამოწვევა აირჩია და ნაიმეგენის წევრი გახდა. ნაიმეგენის სამწვრთნელო ბაზაზე გამართული პრესკონფერენციისას, 37 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ როგორც მოთამაშის ამსტერდამში დაბრუნება, არასდროს ყოფილა მისი ინტერესის საგანი. ტადიჩმა ისიც თქვა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც აიქასში არ დაბრუნდა, იყო კრუიფის შეთავაზება, გამხდარიყო აიაქსის სამწვრთნელო შტაბის წევრი. ხოლო თავად ტადიჩს უშუალოდ ფეხბურთის თამაშის გაგრძელება სურდა.
ხორდის ვესაუბრე. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო, მაგრამ ძირითადად, სამწვრთნელო კარიერას ეხებოდა. მან ამ მიმართულებით შემომთავაზა თანამშრომლობა, მაგრამ მე ჯერ კიდევ ფეხბურთის თამაში მინდა.
ხორდი ძალიან კარგი ადამიანია და ვფიქრობ, რომ აიაქსში დიდ წარმატებას მიაღწევს. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და სწორედ ასეთი მიდგომაა საჭირო ამ გუნდში. იმედი მაქვს, რომ ის, აიაქსთან ერთად, ბევრ ტიტულს მოიგებს. - დუშან ტადიჩი
Dusan Tadić legt uit waarom hij niet terugkeerde bij Ajax ❌📝
— ESPN NL (@ESPNnl) July 28, 2026
"Jordi Cruijff bood me een baan aan als trainer, niet als speler"
🔗 https://t.co/KCYLGy4KEl pic.twitter.com/LfOVHMXOrN
ნაიმეგენს ტადიჩის შეძენა ადრეც სურდა. ბოლოს სერბი ფეხბურთელი არაბულ ალ-ვაჰდაში თამაშობდა. ბევრი ფიქრობდა, რომ დუშანის შეძენას, ნაიმეგენს ალ-ნასრი დაასწრებდა, მაგრამ, საბოლოოდ, ტადიჩმა ნიდერლანდებში დაბრუნება გადაწყვიტა. ტადიჩმა კარიერის საუკეთესო წლები ამსტერდამის აიაქსში გაატარა, სადაც 2018-2023 წლებში თამაშობდა. ყველაზე გამოსარჩევი 2019 წელი იყო, როდესაც ამსტერდამელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. მაშინდელ ჩემპიონთა ლიგაზე, აიაქსმა 1/8-ფინალში მადრიდის რეალს, ხოლო 1/4-ფინალში ტურინის იუვენტუსს მოუგო. საბოლოოდ კი 1/2-ფინალში ტოტენჰემთან დამარცხდა და ბრწყინვალე ჩემპიონთა ლიგური სვლა ძალიან მტკივნეულად დაასრულა.