Belive

სურინამული გუნდის მფლობელმა სუპერთასის მატჩში 62 წლის ასაკში ითამაშა

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სურინამის სუპერთასის შეხვედრაში ,,ინტერ მუნგოტაპუმ'' ,,S.V. Notch'' 4:1 დაამარცხა.

ეს მატჩი იმითაა გამორჩეული, რომ მასში მონაწილეობა ,,ინტერის'' 62 წლის მფლობელმა და კაპიტანმა, რონი ბრიუნსვაიკმა მიიღო, რომელიც, ასევე, სურინამის ვიცეპრეზიდენტიცაა.

ის მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა და გამარჯვების შემდეგ თასიც აწია.

ბრიუნსვაიკს საინტერესო ბიოგრაფია აქვს - 2002 წელს ააშენა სტადიონი, რომელსაც თავისივე სახელი უწოდა (ინტერ მუნგოტაპუ სწორედ ამ სტადიონზე თამაშობს). 2005 წელს 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს იარაღით დაემუქრა, თუმცა დისკვალიფიკაცია მალევე მტკიცებულებების არარსებობის გამო გაუუქმეს. 2012 წელს ბრიუნსვაიკმა მსაჯსა და ფეხბურთელზე იძალადა, რის გამოც 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

2021 წლის სექტემბერში სურინამელმა კონკაკაფ ლიგის შეხვედრაში ,,ოლიმპიას'' (ჰონდურასი) წინააღმდეგ ითამაშა (0:6) და მოედანზე გატარებული 54 წუთის შემდეგ, თავისმა შვილმა შეცვალა. მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ბრიუნსვაიკი ,,ოლიმპიას'' ფეხბურთელებს ფულს ურიგებდა. იმავე წლის 22 სექტემბერს კონკაკაფმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო, სამი დღის შემდეგ კი ,,წესების სერიოზული დარღვევა'' დაადგინა და ორივე გუნდი ტურნირიდან მოკვეთა. თავად ბრიუნსვაიკს კი კონკაკაფის ტურნირებში მონაწილეობა 3 წლით აეკრძალა.

სხვა სტატიები