სუარესი სანაკრებო კარიერას ასრულებს
ლუის სუარესი სანაკრებო კარიერას "ლა კალესტეს" ყველა დროის ბომბარდირის სტატუსით ასრულებს: 142 მატჩში გატანილი 69 გოლი და 39 საგოლე გადაცემა, ასევე მრავალი დაუვიწყარი მომენტი... სუარესი ეპოქალური მოთამაშე იყო როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.
მისი დებიუტი 2007 წლის 8 თებერვალს, კოლუმბიასთან მატჩში შედგა, სადაც ურუგვაიმ ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. პარადოქსულია, რომ გოლეადორის სტატუსის მიუხედავად, სუარესის სანაკრებო კარიერის მთავარი მომენტი მსოფლიო ჩემპიონატზე განზრახ ხელით თამაშია: მუნდიალის მეოთხედფინალში, მეორე დამატებით ტაიმში, განელი ფეხბურთელის დარტყმული სუარესმა კარის ხაზიდან ხელით გამოიტანა. სუარესი გააგდეს, ასამოა გიანმა პენალტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი, 11-მეტრიან სერიაში ურუგვაიმ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
სუარესი შესანიშნავი იყო 2011 წელს, როდესაც 4 გოლით, გუნდს კოპა ამერიკას ტრიუმფისკენ გაუძღვა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ჩემი აზრით, ნაკრებიდან წასვლისთვის სწორი დრო შევარჩიე. ამის შესახებ ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ველოდები ნაკრებში ჩემს ბოლო მატჩს - ვიქნები ზუსტად ისევე აღტაცებული, როგორც 2007-ში, როდესაც ჩემი დებიუტი შედგა. ის 19 წლის ბიჭი დღეს უკვე ვეტერანია. - ლუის სუარესი
სუარესი ბოლო მატჩს პარასკევს გამართავს - მონტევიდეოში, ურუგვაის ნაკრები პარაგვაის უმასპინძლებს და წინ ლუის სუარესის გაცილება გველოდება - ემოციური, ცრემლიანი, ღირსეული.