Belive

სტიაუას მწვრთნელი: "ფიზიკურად საბურთალო უკეთეს ფორმაშია, ვერ ვიტყვი, რომ ფავორიტები ვართ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული "საბურთალო" ბუქარესტის "სტიაუას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ, რუმინული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონ პეტრეამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენთვის მიმდინარე სეზონში ევროთასებზე პირველი მატჩი იქნება. ჩვენს მეტოქეს ამ მხრივ გამოცდილება უკვე აქვს. მათ წინა ეტაპის დაძლევა დრამატულ ბრძოლაში მოახერხეს, რაც ჩვენითვის სახიფათო ნიშანია. კლუბს ბრძოლისუნარიანობა გააჩნია და მარტივად არაფერს დათმობენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ კარგ შეხვედრას ვაჩვენებთ, თუმცა საამისოდ ბევრი შრომა დაგვჭირდება. ევროპულ ტურნირებში ფავორიტები და აუტსაიდერები არ არსებობენ და ამის დასტური ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრებია. თითოეული გუნდი ცდილობს, რომ ეტაპი გაიაროს და ამ მხრივ სენსაციებიც ვნახეთ. ბუნებრივია, შევისწავლეთ საბურთალოს თამაში და ვნახეთ, რომ სხვადასხვა მატჩებში განსხვავებულ სისტემას იყენებენ. ჩვენ მზად ვართ ყველა სავარაუდო სცენარისთვის და ვეცდებით, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დავასრულოთ. ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ფიზიკური ფორმის მაქსიმუმის მიღწევა შეუძლებელია, მაშინ როცა მეტოქეს ამ მხრივ უფრო დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიქნებით მატჩზე. ვერ ვიტყვი, რომ ამ მატჩში ფავორიტები ვართ. ყველას, ჩვენს კლუბში სწამს, რომ ჩვენ ვართ იმ "სტიაუას" შთამომავალი, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო და მაღალ დონეზე იასპარეზა, ვინაიდან ჩვენ არასდროს დავქვეითებულვართ ქვედა ლიგაში და რეგულარულად ვთამაშობთ ევროტურნირებზე. თუმცა აქ არის სამართლებრივი დავა, რომელიც იმედი მაქვს მალე მოგვარდება", - თქვა რუმინეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.
"საბურთალოსა" და "სტიაუას" დაპირისპირება 21 ივლისს, "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები