სრული სიგიჟე - რა ხდებოდა ნეაპოლში იუვენტუსთან გამარჯვების შემდეგ
იტალიის სერია-A-ს 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგა. ტურინში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 0:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნაპოლიმ" 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული ფაქტობრივად გაინაღდა.
"ბიანკონერის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ნაპოლი" უახლოეს მდევარ "ლაციოს" 17-ქულიანი სხვაობით უსწრებს და იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ტურში გაიმარჯვებს, ხოლო "ლაციო" ქულებს დაკარგავს (რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია) ნეაპოლიტანელები სკუდეტოს ნანატრ ტიტულს დაეუფლებიან.
ნეაპოლში დაბრუნებულ ფეხბურთელებს გულშემატკივრები დახვდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის ქუჩებში სრული სიგიჟე სუფევდა. იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩებში მინიმუმ 100,000 ქომაგი გამოვიდა.
ნეაპოლელთა საჩემპიონო მოლოდინს, საფეხბურთოსთან ერთად - სოციალური და ისტორიული დატვირთვაც გააჩნია. "ნაპოლის" სტაჟიანი გულშემატკივარი - დომენიკო პეტორტი, დეტალურად აღწერს იმ გარემოებებს, თუ რას ნიშნავს გამარჯვება არა მხოლოდ ნეაპოლისთვის, არამედ სამხრეთ იტალიისთვის.
"ეს უძველესი ისტორიაა. საუკუნეების მანძილზე იტალია დაყოფილი იყო სხვადასხვა სამთავროდ. შეიძლება ითქვას, რომ იტალია, როგორც გაერთიანებული ქვეყანა მხოლოდ 150 წელია რაც არსებობს. სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტაა. მე-18 საუკუნემდე სამხრეთელები გაცილებით კარგად ცხოვრობდნენ და ეკონომიკურად სტაბილური გარემო იყო. იტალიის გაერთიანების შემდეგ, სამხრეთელების კეთილდღეობამ იკლო და კაპიტალის ჩრდილოეთთან განაწილება მოხდა, რამაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია.
კულტურულადაც ძალიან დიდი განსხვავებაა – სამხრეთს ესპანური მონარქიული ოჯახის წევრები მართავდნენ – ჩრდილოეთში ფრანგული გავლენა მძლავრობდა. ამიტომაც ჩვენ ფეხბურთსაც განსხვავებულად აღვიქვამთ – ჩვენთვის ეს ერთგვარი შურისძიების შესაძლებლობაა. როდესაც ვამარცხებთ ისეთ ჩრდილოურ გრანდებს, როგორიცაა “მილანი”, “ინტერი” და “იუვენტუსი” კმაყოფილებისა და აღფრთოვანების განცდა გვეუფლება. შეიძლება ითქვას, რომ რასისტული შუღლიც გაღვივებულია, რადგან გაერთიანების შემდეგ, სამხრეთის ხარჯზე ჩრდილოეთი გამდიდრდა და ხალხმა ჩრდილოეთისკენ დაიწყო მიგრაცია – სამხრეთელებს ჩრდილოეთ იტალიაში არც ისე კარგად ხვდებოდნენ.
უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა – ასე, რომ მტრობა ძლიან დიდია. სოციალური, პოლიტიკური და მრავალი სხვა ასპექტის გამო, დიდი დაპირისპირებაა. პერსონალურად მე ვცდილობ, რომ ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო და მხოლოდ სპორტული ინტერესით შევხედო", - დომენიკო პეტორტი.