Belive

სპორტინგისა და ბენფიკას მატჩში მსაჯმა თეთრი ბარათი გამოიყენა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

21 იანვარს, "სპორტინგსა" და "ბენფიკას" შორის გამართული მატჩის დროს, მთავარმა არბიტრმა თეთრი ბარათი გამოიყენა.

ათწლეულების განმავლობაში ყვითელი და წითელი ბარათი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ, თეთრი ბარათის გამოყენება ფანებისთვის სრულ მოულოდნელობას წარმოადგენს. ახალი ბარათი ქალთა გუნდებს შორის გამართული მატჩის პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოიყენეს.

იმ დროს, როდესაც მთავარმა არბიტრმა თეთრი ბარათი გამოიყენა, "ბენფიკა" მოწინააღმდეგეს 3:0 ამარცხებდა.

რა არის და როდის შეიძლება თეთრი ბარათის გამოყენება?

გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის მსვლელობის დროს, სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ერთ-ერთი ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა. დაშავებულისათვის დახმარების აღმოსაჩენად, ორივე გუნდის სამედიცინო პერსონალი გაეშურა. ინციდენტის აღმოფხვრის შემდეგ, მთავარმა არბიტრმა ექიმების მიმართ პატივისცემა გამოხატა და თეთრი ბარათი უჩვენა.

ყვითელი და წითელი ბარათებისგან განსხვავებით, რომლებიც სადამსჯელო ხასიათისაა - თეთრი ბარათი საპირისპირო დატვირთვას ატარებს. თეთრი ბარათი კლუბების მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. პორტუგალიაში ახალი ინიციატივის დანერგვის შედეგად იმედოვნებენ, რომ "Fair Play"-ს პრინციპი კიდევ უფრო მეტად იქნება დაცული და სპორტის ამ სახეობის ეთიკური ღირებულებები კიდევ უფრო ამაღლდება. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში თეთრი ბარათი პირველად იქნა გამოყენებული.

აღნიშნულ შემთხვევაში თეთრი ბარათი სამედიცინო პერსონალმა დაიმსახურა, რომელიც დაშავებულისათვის დახმარების აღმოსაჩენად დაუყოვნებლივ გაეშურა. თეთრი ბარათი საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ პოზიტიურ ქმედებაზე მყისიერი რეაგირებაა.

სხვა სტატიები