Belive

სომეხ არბიტრთა ბრიგადა: ვინ განსჯის საქართველოსა და მონღოლეთის მატჩს?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023 წლის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ამხანაგური შეხვედრის ეგიდით 25 მარტს გამართავს და ბათუმში მონღოლეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩს სომეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც ზავენ ჰოვანესიანი უხელმძღვანელებს.

42 წლის მსაჯს, რომელიც ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებზე რეგულარულად მუშაობს, საქართველოსთან შეხება აქამდე სამჯერ ჰქონია.

პირველად ეს 2016 წლის 29 სექტემბერს მოხდა, როცა "დინამო თბილისმა" "დინამო არენაზე", უეფას ახალგაზრდული ლიგის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში, ალმაატის "კაირატთან - 0:3 წააგო. 

2018 წელს ზავენ ჰოვანესიანმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოსა და ფარერების კუნძულების მატჩი განსაჯა, რომელიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ჩვენმა გუნდმა - 1:0 იმარჯვა. ერთადერთი გოლის გატანა იმ მატჩში ლუკა ზარანდიამ მოახერხა.

საქართველოს მთავარი საფეხბურთო გუნდის შეხვედრაზე სომეხი რეფერი 2017 წელს მუშაობდა, როცა საქართველოს ნაკრებმა სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნული გუნდი - 3:0 დაამარცხა. მატჩში გოლების გატანა გიორგი არაბიძემ (დუბლი) და ვლადიმერ დვალიშვილმა მოახერხეს.

საქართველოსა და მონღოლეთის მატჩი 25 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები