,,სიტყვები არ გვყოფნის ამ ტკივილის აღსაწერად'' - საბერძნეთის ნაკრები ბალდოკის გარდაცვალებაზე
გუშინ ,,პანათინაიკოსის'' მცველი, ჯორჯ ბალდოკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა და ფეხბურთელს დაემშვიდობა:
,,საბერძნეთის ეროვნული ნაკრები და ფეხბურთის ფედერაცია ჯორჯ ბალდოკს დიდი მწუხარებითა და ტკივილით ემშვიდობება.
სიტყვები არ გვყოფნის იმ ადამიანური ტკივილის აღსაწერად, რაც ჩვენი გუნდის წევრის უდროოდ დაკარგვამ გამოიწვია.
გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ. სამძიმარი მისი მეორე ოჯახიდან... მშვიდობით...'' - წერია საბერძნეთის ნაკრების განცხადებაში
ბალდოკის გარდაცვალებას საბერძნეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, გუსტავო პოიეტიც გამოეხმაურა:
,,ჩემი სიყვარული და სამძიმარი ჯორჯის ოჯახსა და ახლობლებს.
განადგურებული ვარ... მშვიდად განისვენე.'' - გუსტავო პოიეტი
ბალდოკის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ,,პანათინაიკოსმა'' და ,,ოლიმპიაკოსმა'':
ოლიმპიაკოსის ოჯახი გლოვის მონაწილეა... ბალდოკის ახლობლებს გამძლეობას ვუსურვებთ...'' - წერია ბერძნული გრანდის სოციალურ ქსელში.
31 წლის ფეხბურთელს არაერთი ინგლისური კლუბი, მათ შორის ,,შეფილდ იუნაიტედი'' და ,,ბრაიტონი'' დაემშვიდობა, სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმაც.
ბალდოკმა კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ინგლისში გაატარა. მიმდინარე წლის 29 მაისს კი ,,პანათინაიკოსთან'' 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მარჯვენა მცველს საბერძნეთის ნაკრებში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბალდოკმა 26 მარტს თბილისში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა.