ბრაზილიისა და ნორვეგიის შეხვედრა სიცხის გამო შესაძლოა ერთი საათით გადაიდოს
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალები დღეს კანადა - მაროკოს მატჩით აიღებს სტარტს. გულშემატკივრები კი განსაკუთრებით ბრაზილიისა და ნორვეგიის დაპირისპირებას ელოდებიან, რომელიც ჩვენი დროით 6 ივლისს, 00:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრა ნიუ ჯერსიში „Metlife Stadium“-ზე გაიმართება, ამ წყვილიდან გასული კი მექსიკასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
თავდაპირველად, ბრაზილიისა და ნორვეგიის მატჩი ჩვენი დროით 6 ივლისს, 00:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა, „Goal Brazil“-ის ჟურნალისტმა რაისა სიმპლისიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მატჩის დაწყების დრო შესაძლოა შეიცვალოს. მისი ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა ერთი საათით გვიან დაიწყოს.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მიზეზი ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული ძლიერი სიცხეა. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის რეგიონში ამჟამად ტემპერატურა საკმაოდ მაღალია.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Brazil vs. Norway is now expected to kick off one hour later due to the heat.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) July 3, 2026
FIFA are finalising the change today, with official confirmation expected soon.
The changes to Sunday's fixtures will mean Brazil-Norway will kick-off at 10pm UK time, and… pic.twitter.com/OPmzK0O1M8
„AccuWeather“-ის პროგნოზით, კვირას ჰაერის ტემპერატურა 30°C-ის ზემოთ იქნება, ჰავა კი ძალიან ტენიანი. ასევე, შუადღის შემდეგ მოსალოდნელია ჭექა-ქუხილის 33%-იანი ალბათობა. ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტორი ე.წ. „RealFeel“ ტემპერატურაა, რომელიც შესაძლოა 38°C-ს მიაღწიოს.
შესაძლოა, ცვლილება შეეხოს მექსიკისა და ინგლისის მატჩის დაწყების დროსაც. შეხვედრა ამჟამად ჩვენი დროით 6 ივლისს, 04:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა თუ ბრაზილია – ნორვეგიის მატჩი გადაიდება, დიდი ალბათობით, ეს შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ FIFA-ს ორივე ცვლილება ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, „GiveMeSport“-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ ორგანიზაცია აქტიურად განიხილავს მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე პლეი-ოფის მატჩის დროის შეცვლას, რათა ამინდის შესაძლო შეფერხებები თავიდან აიცილოს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით FIFA ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.