სიცხე, დროის ნაკლებობა, სისტემა, ტრავმები - სპალეტიმ მიზეზები დაასახელა
ევრო 2024-ის პირველ მერვედფინალურ მატჩში, იტალიის ეროვნული ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დამარცხდა. მოქმედი ჩემპიონები ტუურნირიდან ისე გავარდნენ, რომ შვეიცარიელებს რეალური ბრძოლა ვერ გაუმართეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში "სკუადრა აძურას" ფეხბურთელები დაბალი ინტენსივობით თამაშობდნენ და რეალურ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. რეაგირება ვერ მოახდინეს ჯერ ფროილერის და შემდეგ ვარგასის გოლებზე და ტემპს მთლიანად შვეიცარია აკონტროლებდა. მატჩის შემდეგ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ლუჩიანო სპალეტიმ აიღო.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ შედეგი ყველას ბრალი არ არის. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს იმისთვის, რომ აქამდე მომიყვანეს.
ჩემი გუნდის უკეთესად გაცნობა მჭირდება. ჩვენ გვყავდა რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა. თქვენ ნახეთ, რომ ინტენსივობის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებოდით მეტოქეს. შესაძლოა, იმან, რომ "ინტერმა" ასე ადრე მოიგო სერია A, გაუცნობიერებლად ცუდი საქმე გაგვიკეთა.
მეტი ფიზიკურობა გვჭირდება. როდესაც ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ხარისხიანად თამაში ეს მცდარი აღმოჩნდება მაშინ, როცა ინტენსივობას 90 წუთის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებთ. თუ ბურთი 80 მეტრშია მოსაპოვებელი, თქვენ სწრაფად უნდა დაფაროთ ეს მანძილი - ამ შემთხვევაში საქმე ტექნიკას არ ეხება - განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ
2020 წლის ევროპის ჩემპიონები ჯგუფშიც არადამჯერებლად გამოიყურებოდნენ, ალბანეთთან მინიმალური სხვაობით გამარჯვების შემდეგ უსახური შეხვედრა ჩაატარეს ესპანეთთან, სადაც დიდი ანგარიშით მარცხს იმსახურებდნენ, ბოლო ტურში კი ბოლო წამზე გატანილი გამათანაბრებელი გოლით ჩატოვეს ხორვატია.