Belive

"სინამდვილეში, თამაში არ გვინდოდა" - რატომ განახლდა დანიისა და ფინეთის მატჩი? 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დანიის ნაკრების თავდამსხმელმა, მარტინ ბრაითვეითმა კრისტიან ერიქსენის ინციდენტის და მისი და ფინეთის ნაკრებების დაპირისპირების განახლების შესახებ ისაუბრა. "ბარსელონას" შემტევის თქმით, მას და მის თანაგუნდელებს თამაშის განახლების სურვილი არ ჰქონდათ, თუმცა იძულებულები გახდნენ, უეფას მიერ შეთავაზებული ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი აერჩიათ.
"ვცდილობდი კრისტიანის დასახმარებლად ყველაფერი გამეკეთებინა, რისი გაკეთებაც ასეთ სიტუაციაში შესაძლებელი იყო. ძალიან რთული სიტუაცია იყო, მაგრამ ახლა, როცა ვიცი, რომ მის თავს ყველაფერი კარგადაა, თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ. იმ მომენტში ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდი და მაშინ ჩემთვის პირველი პრიორიტეტი ფეხბურთი ნამდვილად არ ყოფილა. ასევე, მინდა ცალკე ვისაუბრო უეფას მიერ გამოქვეყნებულ ტექსტზე, რომელიც ჩვენს მიერ თამაშის გაგრძელების სურვილს გულისხმობდა. არანაირი სურვილი არ ყოფილა. ორი ვარიანტი მოგვცეს: მატჩი ან მეორე დღეს უნდა გადაედოთ, ან შეხვედრა იმავე საღამოს დასრულებულიყო, რის შემდეგაც მათ თქვეს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. ვისურვებდი ასეთ სიტუაციაში მქონდეს არჩევის მესამე ვარიანტი - საერთოდ არ ვთამაშობდე. ასეთ მომენტში მოედანზე ფეხის დადგმაც არ გინდა. ცხადია, ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ იმ ღამით ვერავინ დაიძინებდა. ამიტომ, თამაში რომ გადადებულიყო, მეორე დღეს  მოედანზე შესვლის შანსი არ გვექნებოდა", - თქვა "ბარსელონას" მეცხრე ნომერმა.
30 წლის თავდამსხმელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თანაგუნდელს პირველადი დახმარება აღმოუჩინა და კამერებს მისი მდგომარეობის ასახვის შესაძლებლობა არ მისცა. თამაშის გაგრძელების რეალურ ისტორიას გუნდის მეკარის კასპერ შმეიხეილის მამა, პიტერ შმეიხეილც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ უეფას წარმომადგენლებმა დანიის ნაკრებს ავტომატური წაგების - 0:3 დაფიქსირებას შესთავაზეს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოედანზე არ გავიდოდნენ და თამაშს არ გააგრძელებდნენ. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში დანია – ფინეთი, 42-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა გულის შეტევა მიიღო.

სხვა სტატიები