ოფიციალურად: გიორგი ლორია დინამო თბილისში დაბრუნდა
ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ და კვიპროსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ოფიციალურად დადასტურდა - გიორგი ლორია "დინამო თბილისში" დაბრუნდა.
საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის მშობლიურ კლუბში დაბრუნებას ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა საინტერესო პოსტი მიუძღვნა. "ლურჯ-თეთრებმა" გიორგი ლორიას დაფარული ვიდეო გამოაქვეყნეს, წარწერით - "გამოიცანით, ვინ დაბრუნდა".
კარიერის განმავლობაში გიორგი ლორია კრეტას "ოფის", "ოლიმპიაკოსის", "კრილია სოვეტოვის", მახაჭკალის "ანჟის", "მაგდებურგის" და "ანორთოსისის" შემადგენლობაში თამაშობდა.
37 წლის მეკარე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის აღზრდილია და მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2004-14 წლებში თამაშობდა, გუნდის კაპიტანიც გახლდათ და 3-ჯერ ქვეყნის ჩემპიონობისა და ამდენივე თასის მოგება მოახერხა.