არველაძე კობიაშვილს პასუხობს: "ასეთ დამოკიდებულებას მინიმუმ არ ვიმსახურებ"
3 წლის წინ
ფეხბურთი
7 წთ
ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობა შოთა და აჩი არველაძეებმა შეაფასეს
ბულგარეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების უსუსური ასპარეზობა არამარტო გულშემატკივარის, არამედ ყოფილი ფეხბურთელებისა და ფეხბურთში ჩართული ადამიანების განხილვის საგანი გახდა. ყველაზე მეტი რეზონანსი, არველაძეების განცხადებას მოჰყვა."არასდროს გამოვირჩევი მწვავე და კრიტიკული განცხადებებით, მითუმეტეს ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში, მაგრამ მგონია, რომ ასეთი წარუმატებლობა და ასეთი თამაში მეც მეხება. განცდა მქონდა, რომ ეს გუნდი შეკრებაზე იყო წასული და არა ოფიციალური ან ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად. ვიღაცებს მისამართი ეშლებათ, ან ვერ ხვდებიან სად არიან. წარმოუდგენელია, როცა ნაკრებში მუშაობ, თავს უფლება მისცე და ისე მოიქცე, როგორც მწვრთნელი ანტალიაში, საკლუბო შეკრებების დროს იქცევა! არ შეიძლება, ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა დროს, ნაკრებში საკადრო პრობლემების გამო მოხვდნენ, გუნდის შეუცვლელ წევრებად წარმოაჩინონ. არ შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება ესპანეთის დონის გუნდებთან, ამისთვის ამხანაგური მატჩები არსებობს, მაგრამ იმ ტიპის და ხარისხის ექსპერიმენტები, როგორიც ჩვენ ვიხილეთ, ხშირ შემთხვევაში ამხანაგურ მატჩებშიც კი აღარ გვხვდება", - აღნიშნა აჩი არველაძემ.აჩი არველაძის მსგავსად, კრიტიკული იყო "ფახთაქორის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძეც:
ჩვენნარ ქვეყანას აქვს თაობების პერიოდი, ადრეც ეგრე იყო. დინამო თბილისიც კი - 10-15 წელიწადში იყო საჭირო თაობების ცვლა. ამ ყველაფერს სჭირდება სისტემა. ვიღაცას ჰგონია, რომ ხსნის აკადემიას და ეს არის ბიბლიოთეკა, მოვა ვიღაც, წაიკითხავს, წიგნს თავის ადგილას დადებს და წავა. იქ ბევრი ფაქტორია - ბავშვის ვარჯიშში. ერთმა აკადემიამ არ შეიძლება აირჩიოს მხოლოდ 5 მცველით თამაში და არ მისდევდეს დღევანდელ ფეხბურთს. ჩვენ ეროვნულ ლიგაში სტილიც კი არ გვაქვს. აკადემიას ჩამოყალებული სქემა არ აქვს. ფეხბურთელის კარგი ეკიპირება და კარგი მინდორი, ავტომატურად კარგ აკადემიას არ ნიშნავს. არსებობს სხვადასხვა სფეროში ლიცენზირების საკითხი, აქაც ასე უნდა იყოს. არ შეიძლება აკადემიები ერთმანეთს მხოლოდ კენწვლის რაოდენობაში ეჯიბრებოდნენ“ - განაცხადა საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა.
ლევან კობიაშვილის რეაქცია
საქართველოს ნაკრების მიმართ, კრიტიკული იყო სფფ-ის პრეზიდენტიც: გადაცემაში "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, მან გუნდის ასპარეზობას "სამარცხვინო და კატასროფული" უწოდა. კობიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არაღიარებულ კოსოვოსთან მატჩზე - მისი სიტყვებით, კოსოვოსთან საკუთარ მოედანზე მარცხი დიდწილად ფეხბურთელების პასუხისმგებლობაა, რაც მისი სიტყვებიდან ჩანს: "დავიჯერო, სულ ცუდი მწვრთნელი გვყავს, რომელიც სულ არასწორ შემადგენლობას აყენებს? არა, ასე არ არის." "კომენტარიდან ნათლად იკითხებოდა, რომ სფფ-ის პრეზიდენტი, აჩი და შოთა არველაძეების განცხადებით უკმაყოფილო იყო: "წააგებს ნაკრები და ჩამწკრივდებიან, კომენტარებს აკეთებენ. აქ არ იყავით წლების განმავლობაში? გეკეთებინა, თუ რაღაც შეგეძლო, ერთი მოედანი არ გაგიკეთებია, დადიხარ და რაღაცებს პროფესორობ. პრობლემა კი არ მაქვს, უნდა აკრიტიკო, მაგრამ შემოგვთავაზე, თუ შეგიძლია, მოდი და იმუშავე, დგახარ, რაღაცებს პროფესორობ. შეკრება, ანტალია... თუ გინდა, გეუბნებიან, მოდი და იმუშავე. ხან რა მიზეზებს ედებიან, ხან რას. მიხედე რა შენს საქმეს", - განაცხადა კობიაშვილმა.შოთა არველაძის გამოხმაურება
როგორც მოგახსენეთ, კობიაშვილის მწვავე განცხადებას, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა.ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე. ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ. უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას. "მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა.