შეუძლია თუ არა მარკო ასენსიოს საკუთარი გუნდის წინააღმდეგ თამაში?
ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალური საღამოს შემდეგ უკვე ვიცით, რომ "პსჟ" მეოთხედფინალშია, ახლა პარიზელები მეოთხედფინალის მეტოქეს ელოდებიან. მას შემდეგ, რაც "ასტონ ვილამ" წინ დიდი ნაბიჯი გადადგა და პირველ შეხვედრაში "ბრიუგეს" სტუმრად 1:3 მოუგო, უდიდესი ალბათობით, პსჟ-ს სწორედ ინგლისური კლუბი შეხვდება და არსებობს ერთი საინტერესო ფაქტორი.
მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, პარიზელებმა საკუთრებაში მყოფი მარკო ასენსიო ასტონ ვილაში გაანათხოვრეს - მეოთხედფინალში გადაკვეთის შემთხვევაში, შეეძლება ესპანელს საკუთარი გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს. პასუხი ერთმნიშვნელოვანია -დიახ.
პრემიერლიგაში იჯარის წესი სხვანაირად მუშაობს. მოთამაშეებს არ შეუძლიათ იმის წინააღმდეგ ითამაშონ, ვის საკუთრებაშიც იმყოფებიან. მაგალითად: ასტონ ვილაში იჯარით მოთამაშე მარკუს რაშფორდი მაისში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ არ იქნება. უეფას წესები, აღნიშნულ მიდგომას ჩემპიონთა ლიგაზე არ ითვალისწინებს.
ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ფილიპე კოუტინიოა, 2019/20 წლების სეზონში, ბრაზილიელმა "ბარსელონას" 2 გოლი გაუტანა და "ბაიერნს" 8:2 მოგებაში დაეხმარა, არადა, კოუტინიო სწორედ ბარსადან იყო განათხოვრებული.