შესაძლოა სუპერ ლიგა სხვა ფორმატით მაინც ვიხილოთ
"სუპერ ლიგის", რომელიც საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, ახალი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აღნიშნული ტურნირი, სულ რაღაც, სამ წელიწადში ხელახლა დაიწყება.
ევროპულ ფეხბურთში დიდი აღშფოთება მოჰყვა ფაქტს, როდესაც 12 დიდმა კლუბმა ახალი ტურნირის შექმნა დააანონსა. უეფას, სხვადასხვა საფეხბურთო ორგანიზაციებისა და რაც მთავარია, გულშემატკივართა დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, აღნიშნული ტურნირი ჩაიშალა. დიდი პროტესტის ფონზე, 9 გუნდმა მალევე დატოვა "სუპერ ლიგა", თუმცა, "რეალი", "იუვენტუსი" და "ბარსელონა" კვლავ მხარს უჭერენ აღნიშულ იდეას და არსად წასვლას არ აპირებენ.
კომპანია A22 Sports Management "სუპერ ლიგის" ხელახლა აღორძინებას აპირებს.
"ჩვენ გვინდა დავუკავშირდეთ ევროპულ საფეხბურთო საზოგადოების გავლენიან პირებს და ეს იდეა კვლავ გავაცოცხლოთ. გულშემატკივრებიც კი, კმაყოფილები დარჩებიან ამ იდეით" - განაცხადა აღნიშული კომპანიის წარმომადგენელმა Financial Times-თან ინტერვიუში
გულშემატკივარს ყველაზე მეტად არ მოსწონდა ჩაკეტილი ჩემპიონატის იდეა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ყველაფერი შეიცვლება.
ზემოაღნიშნულ სამ კლუბთან ერთად, "სუპერ ლიგა" უეფას ევროპულ ფეხბურთში მონოპოლიის დამყარების გამო უჩივის. ამავდროულად, უეფამ "სუპერ ლიგას" ევროპული ფეხბურთის საფრთხე უწოდა.
მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა და ჯერ კიდევ დასაძლევი სამართლებრივი ბარიერებისა, ბერნდ რეიჩარტი, A22 Sports Management-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ დიდი ალბათობით 2024/2025 წლების სეზონისთვის "სუპერ ლიგის" პირველი გათამაშება ჩატარდება.
”ევროპული ფეხბურთი ნელ-ნელა კარგავს წამყვან როლს მსოფლიო სპორტში. სისტემა საკმაოდ არასტაბილური გახდა, ის უკვე აღარ არის თვითმდგრადი. ვფიქრობ, კლუბებს უნდა შეეძლოთ გადაწყვიტონ თავიანთი ბედი, რადგან ისინი ყველა ფინანსურ რისკს საკუთარ თავზე იღებენ. ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება." - განაცხადა რაიჩარტმა Reuters-სთან ინტერვიუში.