Belive

სანჩოს გუნდთან ერთად სასადილო ოთახში ყოფნა აეკრძალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. ერიკ ტენ ჰაგსა და ჯეიდონ სანჩოს შორის სიტუაცია კვლავ დაძაბულია. 

ყველაფერი "არსენალთან" შეხვედრაში დაიწყო, სადაც ჯეიდონ სანჩო განაცხადში ვერ მოხვდა. მთავარი მწვრთნელის თქმით, ახალგზარდა ინგლისელი ვარჯიშებზე საკმარისად არ იხარჯებოდა. ჯეიდონის პასუხი კი ასეთი იყო:

გთხოვთ, რასაც კითხულობთ ყველაფერს არ დაუჯეროთ. ხალხს ტყუილების თქმის უფლებას არ მივცემ. ამ კვირაში ვარჯიში ძალიან კარგად ჩავატარე. მე მჯერა, რომ ამ საკითხს სხვა მიზეზები აქვს, რასაც არ ჩავუღრმავდები, მე დიდი ხანია განტევების ვაცი ვარ, რაც არ არის სამართლიანი! ერთადერთი, რისი გაკეთებაც მსურს ღიმილიანი სახით ფეხბურთის თამაში და ჩემი გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანაა. პატივს ვცემ ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი იღებს, ვთამაშობ ფანტასტიკურ ფეხბურთელებთან და ამისთვის მადლობელიც ვარ. რაც არ უნდა მოხდეს მე ამ გუნდისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. - მოგვიანებით სანჩომ ეს განცხადება წაშალა.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი კვლავ არ მოგვარებულა. მეტიც, უფრო მწვავე ფაზაში გადაიზარდა. Daily Mirror-ის თქმით, სანჩოს კერინტგონის სავარჯიშო ბაზაზე მთავარ გუნდთან ერთად ყოფნა აეკრძალა. მათ შორის სასადილო ოთახშიც.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2021 წელს £73 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. სადებიუტო სეზონში სანჩომ ყველა ტურნირზე 38 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 5-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ბოლო სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 41-ჯერ მოირგო "მანჩესტერის" მაისური და მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. პირველ სამ ტურში სანჩო საწყის თერთმეტეულში იყო, თუმცა, თამაშის საშუალება არ მიეცა. ბოლო ტურში "არსენალის" წინააღმდეგ კი, ახალგაზრდა ინგლისელი განაცხადს მიღმა დარჩა.

სხვა სტატიები