Belive

შეეძლო თუ არა საქართველოს, ფინალისკენ მიმავალ ესპანეთთან მატჩის თავიდან არიდება?

5 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია - ლუის დე ლა ფუენტეს უძლიერესმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა (გერმანიასთან დამატებით დროში) და ფინალში დამსახურებულად გავიდა. ესპანეთის დამაჯერებელი და დომინანტური ასპარეზობის ფონზე, სოციალურ ქსელში არაერთმა ქართველმა გულშემატკივარმა დააფიქსირა აზრი, რომ თურქეთთან გაშვებული მესამე გოლი მძიმედ დაგვიჯდა და რომ ესპანეთთან მერვედფინალში თამაში აცილებადი იყო. "რა იქნებოდა, რუმინეთს რომ შევხვედროდით"... ეს მოსაზრება, შესაძლოა, დიდი სურვილითაა გაჯერებული, მაგრამ მისი შესრულება შეუძლებელი გახლდათ.

ესპანეთი ჩინებული გუნდია და ისე მოხდა, რომ მერვედფინალში სწორედ ფინალისკენ მიმავალ გუნდს გადავეყარეთ - B ჯგუფში, "ფურია როხამ" 3 გამარჯვება მოიპოვა ისე, რომ გოლი არ გაუშვია. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა პირველი გოლი სწორედ საქართველოსგან იგემეს (4:1), შემდეგ გერმანიას მოუგეს (2:1), ბოლოს კი არადამაჯერებლად მოასპარეზე საფრანგეთიც შინ გაუშვეს (2:1).

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს: ვილი სანიოლის გუნდმა საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მე-2 ადგილი დაიკავა. ნიდერლანდებმა და ჩვენ 4 ქულა მოვიპოვეთ, ბურთების შეფარდება ორივეს 4:4 ჰქონდა, ორივემ 1 გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, რონალდ კუმანის გუნდმა მხოლოდ იმიტომ გადაგვისწრო, რომ ჩვენზე ნაკლები ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში რომ არ ჩასულიყო, ან გადმოვარდნილი ბურთი ალთუნაშვილს რომ არ დაეკარგა

ასეთ შემთხვევაში, გატანილი-გაშვებული ბურთების შეფარდებაში 4:3 გვექნებოდა, საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის პირველ ადგილს დავიკავებდით და ნიდერლანდებს უკან ჩამოვიტოვებდით. მეორე მხრივ, ეს მოცემულობა მერვედფინალის სცენარს საერთოდ არ ცვლიდა: ჩვენ მაინც ესპანელებთან ვითამაშებდით.

ევრო 2024-ის რეგულაციებში ჯგუფური ეტაპის ყველა შესაძლო სცენარია გაწერილი: მაგალითად, რა მოხდება, თუკი საუკეთესო მესამეადგილოსნები კონკრეტული 4 ჯგუფიდან შეირჩევა (მაგალითად, ABCD, ან ABCE, BDEF, სხვ.). ჩვენს შემთხვევაში, ასეთი რამ მოხდა: პლეი-ოფში C, D, E და F ჯგუფების წარმომადგენლებმა გადაინაცვლეს (ჩვენ F-ში ვიყავით წარმოდგენილები). ასეთ შემთხვევაში, F ჯგუფის მესამეადგილოსანი, B ჯგუფის გამარჯვებულს (ესპანეთს) უნდა შეხვედროდა.

ერთ-ერთ მერვედფინალურ შეხვედრაში, ნიდერლანდების ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა და ქართველი ქომაგი სწორედ ამ ვარიანტზე ღელავდა: იქნებ, რუმინეთის გავლით, კიდევ უფრო შორს გავსულიყავით, შემდეგ თურქეთთანაც მოგვეგო და დღეს, ნახევარფინალში ინგლისთან გვეთამაშა. ქომაგობა, ემოციები და სურვილები ძალიან ბუნებრივი პროცესია, თუმცა UEFA-ს დოკუმენტის თანახმად, არ არსებობდა არცერთი სცენარი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ E ჯგუფის გამარჯვებულს, ანუ რუმინეთს დავუპირისპირდებოდით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ცხრილს, სადაც W ჯგუფის გამარჯვებულის, 3 კი მესამე ადგილზე გასული გუნდის აღმნიშვნელია. ასევე, შეგახსენებთ ჯგუფების გამარჯვებულებსა და საუკეთესო მესამეადგილოსნებს.

  • A ჯგუფი: გერმანია;

  • B ჯგუფი: ესპანეთი;

  • C ჯგუფი: ინგლისი, სლოვენია;

  • D ჯგუფი: ავსტრია, ნიდერლანდები;

  • E ჯგუფი: რუმინეთი, სლოვაკეთი;

  • F ჯგუფი: პორტუგალია, საქართველო.

W ჯგუფის გამარჯვებულის, 3 კი მესამე ადგილზე გასული გუნდის აღმნიშვნელია.

სხვა სტატიები