Belive

შალკეში დიდი ცვლილებებია - გუნდმა ერთდროულად მთავარი მწვრთნელი, სპორტული დირექტორი და გუნდის მენეჯერი გაათავისუფლა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიმდინარე სეზონში გელზენკირხენის "შალკე" ღრმა კრიზისშია. ბუნდესლიგაში 23 ჩატარებული შეხვედრიდან გელზენკირხენელბმა მხოლოდ 1 შეხვედრის მოგება შეძლეს და სატურნირო ცხრილში 9 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან. გუნდის ამგვარი ცუდი ასპარეზობისა და ნაჩვენები შედგების გამო გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ რადიკალური ზომები მიიღო და მთავარ მწვრთნელთან ერთად კლუბის რამდენიმე ხელმძღვანელი პირიც   გაათავისუფლა. ბუნდესლიგის 23-ე ტურში "შალკე" "შტუტგარტთან" 5:1 განადგურდა, მანამდე წინა ტურში კი საკუთარ მოედანზე "დორტმუნდთან" 0:4 წააგო. შესაბამისად, კლუბის ბოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გუნდში საფუძვლიანი ცვლილებებია საჭირო და მთავარ მწვრთნელთან, კრისტიან გროსთან ერთად გუნდის სპორტული დირექტორი იოხენ შნაიდერი, გუნდის მენეჯერ-კოორდინატორი საშა რიტერი და ფიზმომზადების მწვრთნელი ვერნერ ლოითარდი გაათავისუფლეს. 66 წლის კრისტიან გროსი მიმდინარე სეზონში "შალკეს" რიგით მე-4 მთავარი მწვრთნელი იყო. მანამდე გუნდმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დავიდ ვაგნერი, მანუელ ბაუმა და ჰუუბ სტევენსი დაითხოვა. კრისტიან გროსმა გერმანულ გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 თვე იმუშავა და მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო. დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლის, იენს ბუხტის განცხადებაში ნათქვამია: 
"გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალი იყო, მას შემდეგ, რაც "დორტმუნდთან" და "შტუტგარტთან" შეხვედრებში გავნადგურდით. ჩვენ პრობლემებზე საუბარი გვჭირდება. ჩვენს გუნდში არსებული სპორტული მდგომარეობა ნათელია. ახლა გუნდმა სეზონის დარჩენილი ნაწილი რაც შეიძლება წარმატებულად უნდა ჩაატაროს. ფეხბურთელები ანგარიშვალდებულები არიან გულშემატკივრისა და კლუბის წინაშე".
მიმდინარე სეზონში "შალკეს" ამოცანა ნათელია - ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება. სატურნირო ცხრილში "შალკე" ბოლო, მე-18 პოზიციაზე 9 ქულით იმყოფება და მე-17 ადგილზე მყოფ "მაინცს" 8 ქულით ჩამორჩება.  

სხვა სტატიები