რაულმა შალკეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უარი თქვა
მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა კაპიტანმა რაულ გონსალეს ბლანკომ გელზენკირხენის "შალკეს" მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე უარი უთხრა.
46 წლის ესპანელი სამწვრთნელო კარიერაში პირველი ნაბიჯებს დგამს და 2018 წლიდან მოყოლებული საყვარელი გუნდის ახალგაზრდულ სისტემაში მუშაობს, ახლა კი უკვე აკადემიის მთავარი გუნდის თავკაცია.
"კასტილიას" მთავარ მწვრთნელს ყოფილმა გუნდმა სამსახური შესთავაზა, მაგრამ როგორც ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი გვამცნობს, რაულმა დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა.
"მეშახტეებს" საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგათ. წინა, 2022/23 წლების სეზონში გუნდმა გერმანიის ბუნდესლიგა უკვე ბოლო 3 წელიწადში მეორედ დატოვა და ახლაც, მეორე ბუნდესლიგაში მე-16 პოზიციას იკავებს.
რაული "ლურჯების" შემადგენლობაში 2010-12 წლებში თამაშობდა, 97 მატჩის ჩატარება მოახერხა და გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო. რაც შეეხება "კასტილიას" მას ესპანელი 2019 წლიდან ხელმძღვანელობს.