სეზონში მესამედ: დინამოების დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს და პაუზის წინ გალიდერდნენ
3 წლის წინ
ფეხბურთი
6 წთ
პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო, რაც შედეგშიც აისახა და გაგი მარგველაშვილის მიერ მე-17 წუთზე დაშვებული შეცდომის შემდეგ ზორან მარუშიჩმა ისარგებლა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, საბოლოოდ კი სერბი თავდამსხმელის სეზონში მეცხრე გოლით დედაქალაქელებმა ტაიმის მოგებაც მოახერხეს.
აი მეორე ნახევარში, ბათუმელებმა კოლოსალური უპირატესობა მოიპოვეს, როგორც ბურთის ფლობაში, ისე სხვა სათამაშო ასპექტებში. გია გეგუჩაძის გუნდმა არა ერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნა, განსაკუთრებით აქტიური ცვლილებაზე შემოსული თორნიკე გაფრინდაშვილი და ლაშა შინდაგორიძე აქტიურობდნენ, ბათუმელთა მეექვსე ნომერმა ბურთი მეტოქის კარის ძელსაც კი მოარტყა. საპირისპიროდ, უნდა აღინიშნოს, რომ "დინამომ", რომელმაც თამაში მეორე ნომრად არჩია, კონტრშეტევებზე საკმაოდ ბევრი რეალური მომენტი მიიღო და თბილისელთა შემტევებს საგოლე ეპიზოდები რომ უკეთ გამოეყენებინათ, ტაბლოზე ორბურთიანი უპირატესობის დაფიქსირებაც შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა და ამით მშვენივრად ისარგებლა შავიზღვისპირულმა კლუბმა, რომლისთვისაც ძირითადი დროის ბოლო 15 წუთი ზღაპრული გამოდგა. ჯერ იყო და 78-ე წუთზე, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სანდრო ალთუნაშვილის გადაცემის შემდეგ მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა, ირაკლი აზაროვმა ულამაზესი, უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით, ყოფილი კლუბის კარის მარჯვენა ცხრიანში გაისროლა, 12 წუთში კი 1-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმელთა გუნდში დაბრუნებულმა ჯოვინო ფლამარიონმა აჭარლებს გამარჯვება მოუპოვა. თუ ბათუმელთა, პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა მარცხენა მცველმა გაიტანა, აი მეორე უკვე ამ სტატუსის უკვე გამოცდილმა მატარებელმა, გიორგი ნავალოვსკიმ შექმნა, რომელიც მოედანზე ცვლილებაზე შემოვიდა, 89-ე წუთზე მარცხენა ფლანგი გაარღვია, მეტოქის მცველებს თავგზა აურია, საჯარიმოში შეძვრა და მარტოდ დატოვებულ ბრაზილიელ გოლეადორს ბურთი თავზე დაასვა, რომელმაც თავის მხრივ, დაბრუნების შემდეგ პირველი, თანაც რაოდენ მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისელებს მატჩის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროშიც შეეძლოთ, როცა მასპინძელთა ჯარიმას მეტოქის საჯარიმოში ჯერ მარუშიჩის, შემდეგ კი ვიქტორ მონხილის დარტყმა მოჰყვა, რომელიც ლაზარე კუაპატაძემ შესანიშნავი მოგერიებით გაანეიტრალა და თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა.
ამრიგად, 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბოლო წლებში, ბათუმელთა ერთ-ერთმა მთავარმა მეგოლემ ბათუმელთა პროგნოზირებადი "ქამბექი" რეალობად აქცია და ეროვნულ ლიგაში მოახლოებული ერთთვიანი პაუზის წინ, თავისი გუნდი პირველ პოზიციაზე დააბრუნა. ასე რომ, ევროპის კონფერენს ლიგის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, ბათუმელებს 43 ქულა აქვთ, ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობენ და სან მარინოულ "ტრე პენესთან" მატჩს მშვიდ გონებაზე დაელოდებიან, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამომსვლელი "დინამო თბილისი" კი 41 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ასეა თუ ისე, ეროვნული ლიგის ბოლო სეზონებმა, განსაკუთრებით მიმდინარე გათამაშებამ კი ნათლად გვაჩვენა, რომ ეროვნულ ლიგაში სეზონის ბოლოს ყველაფერი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა ფაქტია, 21 ტურის შემდეგ ლიდერობითა და უშუალო კონკურენტისთვის მოგებული სამიდან სამი შეხვედრით, ისტორიაში პირველი ტიტულისკენ ზღვისპირელებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს. ეროვნული ლიგის 21-ე ტური 4 ივლისს დასრულდება და შიდა ჩემპიონატი 7 აგვისტომდე დაგვემშვიდობება, როცა ბათუმელები "სამტრედიას", ხოლო თბილისელები დერბიში "საბურთალოს" უმასპინძლებენ. იქამდე კი ორივე "დინამოს", გორის "დილასა" და "გაგრას" ევროსარბიელი ელით, მათ წარმატებები ვუსურვოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს სახელს ევროპის მასშტაბით ღირსეულად წარადგენენ.
"დინამო თბილისი": როინ კვასხვაძე - საბა ხვადაგიანი (დავით კობოური, 58), ვქიტორ მონხილი, საიმონ ბენიო - თორნიკე მორჩილაძე (ფაბიან სპორქსლედე, 67), ბაქარ ქარდავა, გიორგი პაპავა (ანზორ მექვაბიშვილი, 78), ლევან ხარაბაძე - გიორგი კუცია (ლუკა გაგნიძე, 67), გიორგი გაბედავა (მილან რადინი, 58) - ზორან მარუშიჩი (3-4-1-2). მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე. "დინამო ბათუმი": ლაზარე კუპატაძე - გრიგოლ ჩაბრაძე, გაგი მარგველაშვილი, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი - ბენჟამინ ტეიდი (გიორგი ნავალოვსკი, 83), სანდრო ალთუნაშვილი - ვლადიმერ მამუჩაშვილი (ვლადიმერ მამუჩაშვილი, 55), გიორგი ზარია (ჯოვინო ფლამარიონი, 55), ჯაბა ჯიღაური (ლაშა შინდაგორიძე, 76) - გიორგი ფანცულაია (ვამარა სანოგო, 76) (4-2-3-1). გოლები: 1:0 ზორან მარუშიჩი (17), 1:1 ირაკლი აზაროვი (78), 2:1 ჯოვინო ფლამარიონი (90) გაფრთხილება: გიორგი გაბედავა (21), სანდრო ალთუნაშვილი (25), გიორგი კუცია (39), ჯოვინო ფლამარიონი (90). მთავარი არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი.