Belive

საუკეთესო მოთამაშე | კარლსრუემ შალკეს ბუდუს დუბლით მოუგო

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-5 ტურში "კარლსრუემ" "შალკეს" უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. დიდებული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებისა და კარლსრუეს ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ, გელზენკირხენელებს ორივე გოლი მან გაუტანა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ბევრი იყო ტექნიკური წუნი და ორთაბრძოლა, მოედნის საფარი იდეალურ მდგომარეობაში არ იყო, რაც მატჩის ტექნიკურ მხარეს დაღს ასვამდა. მაშინ, როცა თითქოს გუნდები შეთანხმდნენ რომ შესვენებაზე უგოლო ფრით გავიდოდნენ, ზივზივაძემ გაიბრწყინა - 3 მცველში ოსტატურად დატრიალდა და მარჯვენა ფეხით აუღებლად დაარტყა.

მეორე ტაიმი მთლიანად კარლსრუეს უპირატესობით წარიმართა და იყო მომენტები, როდესაც შალკე უბრალოდ იღბალმა გადაარჩინა. 73-ე წუთზე თანაგუნდელის დარტყმულს ისევ ბუდუმ დაამატა და კარლსრუეს უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. ცხადი იყო, რომ სტუმრები შეხვედრას ვეღარ გადაარჩენდნენ. მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი 78-ე წუთზე შეცვალა.

ბუდუ ზივზივაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველმა sofascore-გან და whoscored-გან საუკეთესო შეფასებები - 8.2 და 8.4 დაიმსახურა. ზივზივაძის ანგარიშზე ჩემპიონატში გატანილი 6 გოლია და ბომბარდირთა დავას ლიდერობს, კარლსრუეს კი 5-დან 4 მოგება და 1 ფრე აქვს, რითაც ტურნირის პირველ ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები