Belive

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო 5 ფინალი

3 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

2024 წლის 14 ივლისს, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მე-17 ფინალი გაიმართება. დიდი მატჩის მოლოდინში, გადავავლოთ თვალი წინა ევროპის ჩემპიონატებს და გამორჩეული ფინალები გავიხსენოთ.

1960 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო ის პირველი საფეხბურთო ტურნირი, რომელმაც ევროპული სახელმწიფოები გააერთიანა. ტურნირს საფრანგეთმა უმასპინძლა და მისი გამარჯვებული საბჭოთა კავშირი გახდა, რომელმაც იუგოსლავია ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ფინალურ შეხვედრაში, გოლი სლავა მეტრეველმა გაიტანა. მის მხარდამხარ, საბჭოთა კავშირის ნაკრებში გივი ჩოხელი და მიხეილ მესხიც თამაშობდნენ.

1988: საბჭოთა კავშირი 0:2 ნიდერლანდები

გულიტი 32, ვან ბასტენი 54
ოლიმპიაშტადიონი, მიუნხენი

ეს არის პირველი და უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის ტიტული, რომელიც ნიდერლანდებმა მოიპოვა. "ნარინჯისფერთა" რიგებში ოქროს ბურთის 3-გზის მფლობელი, მარკო ვან ბასტენი ბრწყინავდა, რომელმაც დაუვიწყარი, ევროპის ჩემპიონატების ფინალების საუკეთესო გოლი გაუტანა საბჭოთა კავშირის ნაკრებს.

"როდესაც ბურთი ჩამიწოდეს, ორ არჩევანს შორის ვიყავი: ბურთი მიმეღო და მცველების წინააღმდეგ რაიმე მომეფიქრებინა, თუ საქმე გამემარტივებინა და პირდაპირ დამერტყა", - იხსენებს ვან ბასტენი.

1992: დანია 2:0 გერმანია

იენსენი 18, ვილფორტი78
ულევი, გიოტენბურგი

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ვერავინ იფიქრებდა, რომ იუგოსლავიის ნაკრების ნაცვლად ჯგუფში ჩასმული დანია ტურნირის გამარჯვებული გახდებოდა. ამაზე თვითონ დანიელებიც კი არ ოცნებობდნენ, თუმცა რიჩარდ ნილსენის გუნდმა ყველა გააოგნა: ჯგუფური ეტაპი დაძლია, ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა და გერმანიას ფინალში 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.

2000: საფრანგეთი 2:1 იტალია (ოქროს ბურთი დამატებით დროში)

ვილტორდი 90, ტრეზეგე 103; დელვეკიო 55
"დე კუიპი", როტერდამი

"ეს იყო აბსოლუტური სიგიჟე, საოცარი გოლი გამოვიდა", - იხსენებს დავიდ ტრეზეგე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოქროს ბურთი გაიტანა და საფრანგეთს ევროზე პირველი ტიტული მოუტანა. მატჩის მიწურულამდე, იტალიელები იგებდნენ, თუმცა ვილტორდის გოლით, თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ტრეზეგეს აუღებელი დარტყმით, საფრანგეთმა ჩემპიონობა მოიპოვა. იმ წლის საფრანგეთი და ზინედინ ზიდანის პერფორმანსი ცალკე სასაუბრო თემაა.

2004: პორტუგალია 0:1 საბერძნეთი

ხარისტეასი 57
ესტადიუ და ლუში, ლისაბონი

2004 წელს, საბერძნეთმა დანიის 1992 წლის ჩემპიონობაზე უფრო დიდი სენსაცია შემოგვთავაზა. ოტო რეჰაგელის მიერ გაწვრთნილმა ბერძნებმა პორტუგალიელები ჯერ გახსნით მატჩში დაამარცხეს (2:1), შემდეგ კი ფინალიც მოუგეს. პორტუგალიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა, რომლის შემადგენლობაში ფიგუ, რონალდუ, დეკუ, რუი კოშტა და სხვა ვარსკვლავები თამაშობდნენ, თუმცა მატჩის შედეგი ხარისტეასის თავურმა და ბერძნების რკინა-ბეტონის ფეხბურთმა გადაწყვიტა.

2012: ესპანეთი 4:0 იტალია

დავიდ სილვა 14, ხორდი ალბა 41, ტორესი 84, მატა 88
კიევის ოლიმპიური სტადიონი, კიევი

ეს იყო ოქროს ხანა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ესპანეთმა მორიგი ტრიუმფი იზეიმა და იტალიის ნაკრები 4-ბურთიანი სხვაობით გაანადგურა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდში ნომინალური ფორვარდი არც თამაშობდა - მოედანზე ბურთის დამჭერი, ბრწყინვალე ნახევარმცველები დომინირებდნენ, რომლებსაც, მატჩის მიწურულს, ფერნანდო ტორესი შეუერთდა. "ელ ნინიომ" ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი მატას გაუკეთა საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები