Belive

სატრანსფერო ციებ-ცხელება ოსიმენის გარშემო - ნიგერიელის შეძენასთან ყველაზე ახლოს ატლეტიკოა

12 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

ვიქტორ ოსიმენი ბოლო ორი წელია გალათასარაიში თამაშობს, ის კლუბს იჯარით შეუერთდა, ხოლო გასულ ზაფხულს თურქულმა გუნდმა მისი ტრანსფერი სრულად გამოისყიდა. ნიგერიელი ფორვარდის მომავლის შესახებ სპეკულაციები არ წყდება, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში ის უფრო დიდ კლუბში გადავა. „სუპერ არწივების“ ვარსკვლავი სტამბოლში ბრწყინვალედ ასპარეზობს - ყველა ტურნირზე ჩატარებულ 74 მატჩში 59 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

​ოსიმენს ჩელსის, მანჩესტერ იუნაიტედსა და ტოტენჰემსაც უკავშირებდნენ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ამ ზაფხულს არცერთი მათგანი არ აპირებს ტრანსფერისთვის ბოლომდე ბრძოლას მაღალი სატრანსფერო ფასის გამო. ამავე დროს, ესპანეთის ლა ლიგის სამივე გრანდს სხვადასხვა ეტაპზე უკავშირებდნენ ნიგერიელს. ჟოზე მოურინიო ნიგერილი ფორვარდის დიდი გულშემატკივარია, ბარსელონა კი ახალ ფორვარდს ეძებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კლუბი რობერტ ლევანდოვსკიმ დატოვა. 

ბოლო პერიოდია ხშირად იწერება მადირიდს ატლეტიკოს ინტერესებზე. ატლეტიკოს ხელმძღვანელობა ოსიმენს განიხილავს, როგორც ხულიან ალვარესის შესაძლო შემცვლელს. 

ოსიმენის შეძენა ნებისმიერი კლუბისთვის უდიდეს ფინანსურ გამოწვევას წარმოადგენს. ის ამჟამად გალათასარაიში წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო თურქული კლუბი მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გალათასარაის ვარსკვლავი მზად არის, ხელფასი შეიმციროს, რათა მადრიდის ატლეტიკოში გადასვლა უფრო რეალური გახდეს. ამ ტრანსფერის გაოფიციალურება ფაქტობრივად ხულიან ალვარესის წასვლას ნიშნავს. 

მოსალოდნელია, რომ ოსიმენი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა ტრანსფერი მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, გააკეთებს თუ არა მადრიდული კლუბი ოფიციალურ შეთავაზებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გალათასარაის მისი გაყიდვის არანაირი აუცილებლობა არ აქვს, რადგან თავდამსხმელს კლუბთან კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

თურქეთის სუპერლიგაში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. გალათასარაის მთავარი კონკურენტები - ბეშიქთაში, ტრაბზონსპორი და ფენერბაჰჩე - ამ ზაფხულს უკვე სერიოზულად გაძლიერდნენ. ბეშიქთაშმა ლეანდრო ტროსარი, ტრაბზონსპორმა მოჰამედ სალაჰი, ხოლო ფენერბაჰჩემ მეისონ გრინვუდი დაიმატეს.

ამ ფონზე, გალათასარაის ხელმძღვანელობისთვის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვა შესაძლოა დიდი რისკი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო რთული ხდება.

სხვა სტატიები