"საშინაო კედლებში გორის დილა შეტევაში უფრო აქტიური იქნება" - სლოვაკური მედიის მატჩის წინა ანალიზი
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ბრინჯაოსმედალოსანი გორის "დილა" სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონ "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრის წინ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სლოვაკური მედია საშუალება sport.aktuality.sk-ი გუნდებს შორის გამართულ პირველ მატჩს და მოახლოებულ დაპირისპირებას ვრცელი ანალიტიკური სტატიით გამოეხმაურა.
"ისევე როგორც ერთი წლის წინ, "დუნაისკა სტრედას" ფეხბურთელებმა კონფერენს ლიგაში გამოსვლა, მიმდინარე სეზონშიც საშინაო მატჩში გამარჯვებით - 2:1 დაიწყეს. მაშინ, როცა შარშან ჩრდილოეთ ირლანდიის "კლიფტონვილს" დაუპირისპირდნენ, წინა ხუთშაბათს მათი მეტოქე უკვე ქართული გორის "დილა" იყო.
მოედანზე პირველივე წუთებიდან კარგად ჩანდა, რომ ორივე გუნდმა ზუსტად იცოდა რისი თამაში სურდა და ამიტომაც შევძელით მაღალი ხარისხის მატჩის ყურება. მატჩის ტემპზე ინგლისის პრემიერლიგის მსაჯებმაც იმოქმედეს, რომლებმაც თანამედროვე სტანდარტები გამოიყენეს და დუელს დასავლეთ ევროპული ხასიათი მისცეს.
მაგრამ მოდი გადავიდეთ შედეგზე, რომელიც ევროპული ტურნირების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია. "დუნაისკა სტრედამ" 2:1 მოიგო, კარგი, მთავარი ყოველთვის მოგებაა, ამიტომ "ყვითელ-ლურჯებმა" თავიანთი მისია შეასრულეს და საქართველოში ლიდერის სტატუსით გაემგზავრებიან. თუმცა, სხვაობა შესაძლოა უფრო დიდიც ყოფილიყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ თამაშის რიტმს, რომელიც მწვრთნელმა, ადრიან გიულამ პირველ ტაიმში შექმნა.
არ ვაჭარბებთ, თუ დავწერთ, რომ "დუნაისკა სტრედას" ფეხბურთელებმა დაიწყეს გაბატონება მოედანზე. 2:0-ზე ისინი არც თუ ისე შორს იყვნენ კიდევ ერთი გოლის გატანისგან და ანგარიშის - 3:0 გახდისგან, რასაც შეეძლო დამანგრეველი შედეგები მოჰყოლოდა მეტოქისთვის. დიახ, თუნდაც ისეთი კონცენტრირებული მეტოქისთვის, როგორიც გორის "დილაა".
თამაშში დომინანტობა ადრიან გიულას გუნდისთვის დამახასიათებელია. ისე, არა მხოლოდ ამჟამინდელისთვის, არამედ ყველა სხვა კლუბისთვის, რომელსაც აქამდე, თავის კარიერაში ხელმძღვანელობდა. თუმცა მისი გუნდებისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ დომინირების პერიოდში საკმაოდ ხშირად ხდება ისეთი სიტუაცია, როცა მოთამაშეებს თითქოს ავიწყდებათ, რომ მეტოქესაც შეუძლიათ შეტევა. ყურადღების ხანმოკლე დაკარგვაა საჭირო და შესაძლოა ბურთი უკვე კარის ბადეში აღმოჩნდეს. ზუსტად იგივე დაემართა ხუთშაბათს "დუნაისკა სტრედას", რომელმაც გოლი მაშინ გაუშვა, როცა ამას აბსოლუტურად არავინ ელოდა. გასაგებია, რომ ბურთის მიერ კარის ხაზის გადაკვეთაში მეკარე პეტრაშის წვლილიც არსებობს, მაგრამ მოდით ეს ფაქტი ცოტა ხნით გვერდზე გადავდით და ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე თუ რამდენად მარტივად გაკეთდა გადამწყვეტი პასი საჯარიმოში და რამდენად თავისუფალ პოზიციაში აღმოჩნდა დამრტყმელი.
სირცხვილია, რომ "დუნაიკსა სტრედამ" ეს მატჩი 2 ბურთის სხვაობით ვერ მოიგო. თუმცა, გუნდმა მთლიანობაში, მაინც კარგად ითამაშა.
მაგრამ როდესაც ვთქვით - A, უნდა დავამატოთ B გარემოებაც. "ყვითელ-ლურჯებს" აქვთ ერთი გოლის უპირატესობა, მაგრამ ტიერი გეილი რომ ბოლომდე წარმატებული ყოფილიყო თავის ქმედებაში, შეხვედრა 2:2 დასრულებული იქნებოდა და არანაირი უპირატესობა არ იარსებებდა. გეილმა ჭკვიანური მოქმედებით სივრცე შეიქმნა და დაარტყა, თუმცა, მეკარე პეტრაშმა შესანიშნავი მოგერიება შემოგვთავაზა და მისი დარტყმის გაუვნებელყოფა მოახერხა.
2:1 - ნიშნავს, რომ "დუნაისკა სტრედას" არ მოუწევს საქართველოში თამაში გამარჯვებისთვის. "ყვითელ-ლურჯები" იმისთვის უნდა მოემზადონ, რომ მეტოქეს, ალბათ, ისევ უფრო ხშირად ექნება ბურთი მფლობელობაში და სახლში მეტ შანსს შექმნის. მთავარი ის არის, რომ "დუნაისკა სტრედას" აქვს ხარისხი, რომ ამ მეტოქის აღმოფხვრა და მეორე ეტაპზე გასვლა მოახერხოს. უბრალოდ, ეს სიტყვები მათ გორში გაზონზე უნდა გადმოიტანონ", - წერს sport.aktuality.sk-ი.
გორის "დილა" "დუნაისკა სტრედას" 20 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება - პირველი მატჩი გუნდებს შორის სლოვაკთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. ორმატჩიანი დაპირისპირების მეორე რაუნდი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.