საქართველოს ნაკრების არასახარბიელო სტატისტიკა ერთა ლიგის მეტოქეებთან
12 თებერვალს, ბრიუსელში ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
საქართველო B-ლიგის D-ჯგუფში მოხვდა, რომელიც ასე გამოიყურება:
უნგრეთი
უკრაინა
საქართველო
ჩრდილოეთ ირლანდია
საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ქვეჯგუფის მეტოქეებს შორის ყველაზე მეტი დაპირისპირება უკრაინასთან გამართა და არასახარბიელო სტატისტიკა დააფიქსირა.
ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა
საქართველო Vs. უკრაინა: 11 მატჩი - 0 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება
საქართველო Vs. უნგრეთი: 2 მატჩი - 1 მოგება, 1 წაგება
საქართველო Vs. ჩრდ. ირლანდია: 1 მატჩი - 1 წაგება
ჯვაროსნები ჩრდილოეთ ირლანდიას მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ და სოლიდური სხვაობით, 4:1 დამარცხდნენ. ჩვენს ნაკრებს უნგრეთთან კვეთა 2001 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა. უნგრეთში გამართული დაპირისპირება მეტოქის გამარჯვებით (4:1) დასრულდა, ხოლო თბილისში საქართველომ 3:1 მოიგო.
საქართველო მეტოქეთა შორის ყველაზე მეტჯერ (11) უკრაინას დაუპირისპირდა და ნავსის გატეხვა დღემდე ვერ შეძლო. მსოფლიოს საკვალიფიკაციო, ევროპის საკვალიფიკაციო, ერთა ლიგისა, თუ საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ეგიდით ჩატარებული 11 მატჩიდან, 7 შემთხვევაში უკრაინელებმა გაიმარჯვეს, ხოლო 4 ფრედ დასრულდა.
კალენდარი
შეგახსენებთ, რომ კალენდარში ცვლილებაა და გასული წლებისგან განსხვავებით უეფამ გადაწყვიტა, რომ სანაკრებო მატჩებისთვის 2 ფანჯარა იქნება გამოყოფილი.
კერძოდ, ფიფას გადაწყვეტილებით 2026 წლიდან სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო შესვენებები გაერთიანდება და ნაკრებები 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე 4 შეხვედრას გამართავენ.
საქართველო - ჩრდ. ირლანდია | 25 სექტემბერი
საქართველო - უკრაინა | 28 სექტემბერი
უნგრეთი - საქართველო | 2 ოქტომბერი
ჩრდ. ირლანდია - საქართველო | 5 ოქტომბერი
საქართველო - უნგრეთი | 14 ნოემბერი
უკრაინა - საქართველო | 17 ნოემბერი