საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის ახალგაზრდული გუნდი "ბათუმი არენაზე" დაამარცხა. ჩვენმა ნაკრებმა 3:0 გაიმარჯვა. პირველი გოლი მე-14 წუთზე გიზი მამაგეიშვილმა გაიტანა, უპირატესობა ორამდე 49-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ გაზარდა, საბოლოო ანგარიში გიორგი აბუაშვილმა 72 წუთზე დააფიქსირა.
7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი ნიდერლანდების ნაკრებია 24 ქულით, რომელთაც 8 მატჩი აქვთ ჩატარებული. ჩვენი გუნდის შემდეგ მოდის შვედეთი, რომელსაც 10 ქულა აქვს და რიგით მე-7 შეხვედრას ხვალ, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 9 სექტემბერს 22:00 საათზე დაიწყება.