Belive

საქართველო Vs. მილანი - ვარსკვლავები, რომელთა მოედანზე ხილვა მოგვენატრა

3 თვის წინ ფეხბურთი
11 წთ

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, "მიხეილ მესხის სტადიონზე" ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, "მიხეილ მესხზე" ერთმანეთს საქარველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდები დაუპირისპირდებიან.

კომპანია betlive კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის მხარდაჭერა, კომპანიის სტრატეგიის უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ ვარსკვლავური დაპირისპირების წარმდგენია.

მატჩში მონაწილე ფეხბურთელების ვინაობა ცნობილია და როგორც საქართველოს, ასევე მილანის შემადგენლობაში, უდიდეს ვარსკვლავებს ვიხილავთ - ლეგენდებს, რომელთა მოედანზე ხილვაც ძალიან მოგვენატრა.

შევეცდებით საქართველოსა და მილანის შემადგენლობიდან გამოვარჩიოთ 5-5 ვარსკვლავი, რომელთაც ჩვენს საფეხბურთო მეხსიერებაზე წარუშლელი კვალი დატოვეს და მათი ბრწყინვალე პროფესიონალური კარიერა გავიხსენოთ.

საქართველო

კახა კალაძე

სიმბოლურია რომ საუბარს იმ მთავარი ვარსკვლავით ვიწყებთ, რომელმაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისური 83 მატჩში მოირგო, იყო ჯვაროსნების კაპიტანი და „როსონერის“ ვარსკვლავური შემადგენლობის განუყოფელი წევრი.

„მილანთან“ ერთად კალაძემ ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალში იასპარეზა - ორივე შემთხვევაში ლივერპულის წინააღმდეგ და 2005 წლის ფენომენალურ ფინალში განცდილი მარცხის გამო, რევანში 2007 წელს აიღო, როდესაც ინძაგის დუბლით მილანმა 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.

კახა კალაძემ მილანის რიგებში 2001-2010 წლებში 194 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. 2010 წელს, კალაძე ჯენოას შეუერთდა და 2 წლის შემდეგ, ამავე გუნდში ტიტულებით სავსე პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

პროფესიონალური საკლუბო კარიერის განმავლობაში, კახა კალაძე ხუთჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, უკრაინის ჩემპიონის ტიტულს კი სამჯერ დაეუფლა. კალაძის პირად აქტივშია იტალიის სერია A-ს, იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონის ტიტულები, რომლითაც ნებისმიერი ვარსკვლავი იამაყებდა. კახა კალაძე ხუთჯერ დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად და ის მილანის დიდების დარბაზის წევრიცაა.

ზურაბ ხიზანიშვილი

ზურაბ ხიზანიშვილი ქართველი ფეხბურთელების იმ თაობას მიეკუთვნება, რომელთაც ნისლიან ალბიონზე ერთ-ერთმა პირველებმა დადგეს ფეხი. 2001 წელს, ხიზანიშვილით პრემიერ ლიგის ლონდონური კლუბები - არსენალი, ფულემი და ვესტ ჰემი ინტერესდებოდნენ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ხიზანიშვილი სელტიკისა და რეინჯერსის შემდეგ, შოტლანდიის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გუნდში აღმოჩნდა.

დანდიში გატარებული 2 სეზონის შმდეგ, რეინჯერსის ჯერიც დადგა, სადაც ხიზანამ 3 წელი ითამაშა, გახდა შოტლანდიის პრემიერ ლიგისა და შოტლანდიის თასის გამარჯვებული და შოტლანდიელი სპორტული ჟურნალისტების რჩეული, რომელთაც წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

ზურაბ ხიზანიშვილი რეინჯერსში მაღალი დონის მცველად ჩამოყალიბდა და ინგლისური კლუბების დაინტერესებაც გამოიწვია - ასე აღმოჩნდა ხიზანიშვილი ბლექბერნში, სადაც 2006-2011 წლებში ასპარეზობდა, თუმცა იჯარის წესით განათხოვრების შედეგად, ნიუკასლისა და რედინგის მაისურებიც მოირგო.

შთამბეჭდავია იმ მატჩების რაოდენობა, რომელიც ხიზანიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით ჩაატარა. 1999-2015 წლებში, ხიზანიშვილმა ჯვაროსნების ღირსება 92 მატჩში დაიცვა.

ლევან კობიაშვილი/ალექსანდრე იაშვილი

გერმანიის ბუნდესლიგაში მოთამაშე ყველაზე წარმატებული ქართველების შესახებ საუბრისას, პირველი ფრაიბურგის ქართული ლეგიონის ვარსკვლავები გაგვახსენდება. ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა ფრაიბურგი დაუვიწყარი სეზონები გაატარეს.

ლევან კობიაშვილი ფრაიბურგის ღირსებას 1998-2003 წლებში იცავდა, ალექსანდრე იაშვილმა კი ამ კლუბის რიგებში 1997-2007 წლებში ითამაშა. ქართველებმა ფრაიბურგის გულშემატკივრებს არაერთი დაუვიწყარი მოგონება აჩუქეს და დღემდე, ამ გუნდის ფანებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავებს წარმოადგენენ.

ფრაიბურგის დატოვების შემდეგ, ლევან კობიაშვილმა შალკესა და ბერლინის ჰერტას რიგებში ითამაშა და 16 წლიანი გერმანული კარიერა სწორედ დედაქალაქური კლუბის მაისურით დაასრულა. ჯამში, ამ სამი კლუბის მაისურით კობიმ ბუნდესლიგის 400-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და უცხოელ ლეგიონერებს შორის, ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მხოლოდ კლაუდიო პიზაროს ჩამორჩება.

ალექსანდრე იაშვილმა გერმანული კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები ფრაიბურგში გაატარა, სადაც როგორც აღვნიშნეთ 1997-2017 წლებში თამაშობდა. იაშვილმა ფრაიბურგის მაისურით 255 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 51 გოლიც გაიტანა. ქართველი ნახევარმცველის შემდეგი გაჩერება კარსლრუე და ბოხუმი იყო, კარიერის უკანასკნელი წელი კი თბილისის დინამოში გაატარა. ალექსანდრე იაშვილმა გერმანულ პუბლიკას თავი ეფექტური მოძრაობებითა და გასაოცარი უნარებით დაამახსოვრა.

იაშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისური 67 მატჩში მოირგო, კობიაშვილი კი ცენტურიონთა შორისაა და თავს 100 სანაკრებო მატჩით იწონებს.

შოთა არველაძე

შოთა არველაძე ქართული ფეხბურთის ოქროს თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ყველასათვის საყვარელი წარმომადგენელია. არველაძემ ეროვნული ნაკრების მაისური 61 მატჩში მოირგო და ქართველი გულშემატკივარი 26 გატანილი გოლითაც გაახარა - დღემდე, ჯვაროსნების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე სწორედ შოთა არველაძეა.

არანაკლებ შთამბეჭდავია მისი საკლუბო კარიერა, რომლის განმავლობაშიც, არველაძემ ტრაბზონის, აიაქსის, რეინჯერსის, ალკმაარისა და ლევანტეს მაისურები მოირგო. აღსანიშნავია, რომ ყოფილი უეფას თასისი (ევროპა ლიგა) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის, შოთა არველაძე 27 გატანილი გოლით მე-4 ადგილს იკავებს.

რთულია გამოარჩიო თუ რომელ კლუბში გაატარა შოთა არველაძემ კარიერის საუკეთესო წლები, რადგან ტრაბზონის, რეინჯერსის, აიაქსისა თუ ალკმარიის რიგებში, თანაბრად პროდუქტიული გახლდათ და ამ კლუბების ფანები ბრწყინვალე გოლებით აღაფრთოვანა - ტრაბზონის ნებისმიერ ფანს, რომ ჰკითხო, დიდი თუ პატარა, ყველა სიამოვნებით მოგიყვება იმ დიდებული მოგონებების შესახებ, რომელიც შოთიმ ამ კლუბის გულშემატკივრებს დაუტოვა.

შოთა არველაძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ლევანტეში დაასრულა, სადაც მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. არველაძეს ზურგს საქართველოს, ნიდერლანდებისა და შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული უმაგრებს - ასევე, ტრაბზონთან ერთად, ის თურქეთის თასის გამარჯვებულიც გახდა.

მილანი

კლარენს ზეედორფი

ფეხბურთის ისტორიის განმავლობაში, თითზე ჩამოსათვლელად თუ მოიძებნება ისეთი უნივერსალური ნახევარმცველი, როგორიცაა კლარენს ზეედორფი - ჯადოქარი, რომელსაც პატივს ისეთი ლეგენდები სცემდნენ, როგორიცაა: ზინედინ ზიდანი, პოლ სქოულზი და სხვ.

ზეედორფმა ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა და ბრწყინვალე სანაკრებო კარიერასთან ერთად, ტრიუმფალური საკლუბო კარიერაც ჰქონდა. კლარენს ზეედორფის ლეგენდარული კარიერის შესაფასებლად, მხოლოდ ის კრიტერიუმიც კმარა, რომ ნიდერლანდელი ჯადოქარი ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია - მათ შორის ორჯერ მილანის მაისურით.

ზეედორფმა მილანში 10 სეზონის განმავლობაში იასპარეზა და 300 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 47 გოლი გაიტანა და თანაგუნდელები ბრწყინვალე საგოლე გადაცემებით მოამარაგა.

მასიმო ამბროზინი

მილანის ყველა დროის ყველაზე ოდიოზური მოთამაშის ნომინაციაზე ჯენარო გატუზოს ღირსეულ კონკურენციას სწორედ მასიმო ამბროზინი უწევს - გამორჩეული ხასიათისა და უნარების ნახევარმცველი, ვისთან მოედანზე „ხუმრობაც“ ისეთივე სახიფათო იყო, როგორც გატუზოსთან.

ამბროზინიმ 1995-2013 წლებში, მილანის რიგებში 18 სეზონი გაატარა და სკუდეტოს 4 ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის 2 თასიც მოიგო. მილანის დიდების დარბაზში ექსტრავაგანტული ნახევარმცველი სრულიად დამსახურებულ ადგილს იკავებს და ტიტულებთან ერთად, როსონერის მაისურით ჩატარებული 344 მატჩიც უმაგრებს.

კაკა/კაფუ/რივალდო

მილანის ბრაზილიური დესანტი, რომელმაც ამ კლუბის ასპარეზობას საკუთარი კვალი დაატყო. ამ სამეულის ტიტულოვან კარიერაზე საუბარი დაუსრულებლად შეგვიძლია, რადგან თითოეულმა მათგანმა ფეხბურთს, რაღაც განსაკუთრებული მისცა.

ბუნებით მოკრძალებული და თავმდაბალი კაკა, მოედანზე საფეხბურთო სითავხედეს არ ერიდებოდა და 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლივერპულის დამარცხებაში ლომის წილი დაიდო. გენიოსი, მაესტრო და უბრალოდ ჯადოქარი, რომელიც ბურთით საოცრებებს აკეთებდა.

კაკას პროფესიონალური კარიერა მშობლიურ ბრაზილიაში დაიწყო - სან პაულოში თავის გამოჩენის შემდეგ კი მისით იმ დროისთვის საუკეთესო ევროპული გრანდი მილანი დაინტერესდა. მილანში კაკამ ყველაფერი მოიგო და შემდეგ რეალში გადავიდა, სადაც ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგება შეძლო. რეალიდან კი კვლავ მილანში დაბრუნდა, სადაც უკანასკნელი ევროპული სეზონი გაატარა.

ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველის გამოსავლენად გამართულ დებატებში კაფუ აუცილებლად უნდა ვახსენოთ. უნიკალური უნარების მქონე მცველი, რომელიც შეტევაშიც საკმაოდ პროდუქტიული იყო.

კაფუმ მილანში 5 წლის განმავლობაში ითამაშა და კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგება შეძლო. სკუდეტო, იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - აღნიშნული ტიტულები კაფუს დიდებულებას უსვამს ხაზს.

რივალდო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია - მან გულშემატკივრებს თავი ბრწყინვალე გოლებით დაამახსოვრა და ევროპული საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები ბარსელონაში გაატარა, თუმცა 1 წლის განმავლობაში მილანის მაისურითაც ითამაშა.

მართალია ბრაზილიელი ლეგენდის მილანური კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ ამ მცირე დროში კოპა იტალია, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო. ოქროს ბურთის მფლობელმა ვარსკვლავმა მილანის რიგებში მხოლოდ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და მილანის ლეგენდების მატჩი, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, "მიხეილ მესხის სტადიონზე" გაიმართება. ვარსკვლავების მატჩში მონაწილე ფეხბურთელების ვინაობა ცნობილია და როგორც საქართველოს, ასევე მილანის სრული შემადგენლობის ხილვა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.

 

სხვა სტატიები