Belive

საქართველო Vs. ალბანეთი | მატჩის ანალიზი

1 თვის წინ ფეხბურთი
10 წთ

ზედიზედ ორი მარცხი და მეორე პოზიცია ჯგუფში. უკრაინის შემდეგ, ალბანეთთანაც მარცხს არ ველოდით, თუმცა დღეს ასეთი რეალობაა და საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩთან დაკავშირებით, მრავალი კუთხით შეიძლება საუბარი.

14 ოქტომბერს ქალაქში წვიმდა და გულშემატკივარის დიდი ნაწილი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საწვიმრებითა და ქოლგებით შეიარაღებული მოვიდა. ბოლო წლებში გამოცოცხლებული ქართული ფეხბურთი კარგი სანახავია - სტადიონზე დროშებითა და ნაკრების ატრიბუტიკით მოსული გულშემატკივარის რაოდენობა გაზრდილია, ფანშოპში ბევრი ადამიანი ირევა, ქომაგების არაერთფეროვანი შეძახილები და სიმღერა 90 წუთის განმავლობაში არ წყდება და საფეხბურთო კულტურა გაცილებით მაღალ საფეხურზეა აყვანილი.

ამის ერთ-ერთი დასტურია ქართველი ქომაგის ჟესტი - მოგეხსენებათ, ალბანეთში გამართული მატჩის წინ, საქართველოს ჰიმნის დროს, ალბანელმა გულშემატკივარმა სტვენა დაიწყო. საპასუხოდ, ქართველმა ქომაგებმა ალბანეთის ჰიმნის გაჟღერებისას ტაში დაუკრეს.

დიდ მადლობას გიხდით პატივისცემისთვის, მეტოქის დაფასება ფეხბურთის ნაწილია. - ალბანეთის მთავარი მწვრთნელი, სილვინიო

შეცვლილი ტაქტიკა და მატჩის მიმდინარეობა

უკრაინასთან მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის გამო, ალბანეთთან გიორგი ქოჩორაშვილი გამოგვაკლდა, რამაც, ფაქტობრივად, ახალი სტილით თამაშამდე მიგვიყვანა. იყო ძალიან ბევრი ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა ტაქტიკითა და შემადგენლობით ვითამაშებდით, თუმცა ვილი სანიოლმა ყველა გააოცა. ვიხილეთ აქამდე არნახული, სუპერ შემტევი შემადგენლობა და სათადარიგოთა სკამიდან წინა ხაზის გაძლიერების ნულოვანი პერსპექტივა, რადგან ყველა, ვისაც გოლის გატანა შეეძლო, უკვე მოედანზე იყო.

4-1-4-1: ასეთი გახლდათ ჩვენი ტაქტიკური მონახაზი, რომელიც შეტევისას გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდა (4-3-3, 4-4-2). მონახაზში პოზიციურ გადაადგილებებს ხშირად ვხედავდით ასევე მაშინ, როდესაც კაკაბაძე მეტოქის ნახევარზე, აუტის ხაზთან მოძრაობდა და ასეთ დროს, ლოჩოშვილი მესამე ცენტრალურ მცველად გვევლინებოდა (აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლოჩოშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ლუკა უშეცდომო იყო ართმევაზე, მეორე სართულზე ბრძოლასა და პოზიციურ თამაშში). ალბანელები თავს მჭიდროდ იცავდნენ - ხშირ შემთხვევაში, მათი თერთმეტივე მოთამაშე საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს იმყოფებოდა და ჩვენს მოთამაშეებს სივრცეებს უზღუდავდა.

სანიოლის ვა-ბანკი მოულოდნელობა გახლდათ: 4 მცველით უკანასკნელად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშეთ, როდესაც "ფურია როხამ" ანგარიშით 1:7 დაგვამარცხა. იმ მატჩისგან განსხვავებით, მოედანზე გაცილებით მეტი შემტევითი ფეხბურთელი გვყავდა და საწყისი ეტაპიდანვე გამოიკვეთა, რომ ალბანელები მატჩის უდიდეს ნაწილს საკუთარ ნახევარზე გაატარებდნენ (რასაც სანიოლი თავიდანვე ვარაუდობდა). ასე რომ, გულშემატკივარი დაიბნა, თუმცა არადაცვითი ფორმაცია ქართველ ქომაგს უყვარს და შესაბამისად, ამ მატჩში გამარჯვება ბევრმა წინასწარ ირწმუნა.

მატჩის მიმდინარეობისას, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, არაერთხელ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენი 10 მოთამაშე მეტოქის ნახევარზე იმყოფებოდა.

საქართველოს ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 64%-ს შეადგენდა და მოთამაშეთა უმრავლესობას პასის პროცენტული მაჩვენებელი იშვიათად მაღალი ჰქონდა:

  • ოთარ კაკაბაძე - 45/49 (92%);

  • გურამ კაშია - 100/106 (94%);

  • ლაშა დვალი - 80/83 (96%);

  • ლუკა ლოჩოშვილი - 60/64 (94%);

  • ზურიკო დავითაშვილი - 61/68 (90%);

  • ოთარ კიტეიშვილი - 93/102 (91%);

  • გიორგი ჩაკვეტაძე - 58/69 (84%);

  • გიორგი მიქაუტაძე 15/22 (68%);

  • ბუდუ ზივზივაძე - 8/10 (80%);

  • ხვიჩა კვარაცხელია - 29/33 (88).

სტატისტიკამ რომ არ მოგვატყუოს: ყველაზე მეტად ბოლო პასის გაკეთება გვიჭირდა და საჯარიმოსთან ახლოს მყოფები, ბურთს ხშირად ვკარგავდით - ალბანელებს ზონები გადაკეტილი ჰქონდათ და იდეალურად აზღვევდნენ ერთმანეთს. სწორედ ამის შედეგი გახლდათ ის, რომ ბურთი თავდამსხმელებამდე ხშირად ვერ მიდიოდა და სახიფათო მომენტი სულ რამდენჯერმე შევქმენით (ბუდუ ზივზივაძეს გოლის გატანა ნამდვილად მართებდა და მატჩის შემდეგ ალალად აღიარა, რომ მისმა ვერგატანილმა გოლმა მატჩის შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია). თვალში ალბათ მოგხვდათ მიქაუტაძის პასის სიზუსტის მაჩვენებელი - 68%, რომელიც არამარტო რაოდენობრივად, ხარისხობრივადაც უნდა შეფასდეს.

მიქაუტაძე

რამდენიმე საკვანძო მომენტში, როდესაც მეტოქის ნახევარზე სწრაფი კონტრშეტევით გადავედით (რაც იშვიათად ხდებოდა), მიქაუტაძემ არაზუსტი პასი გააკეთა და შეტევაც დაიკარგა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სანიოლმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად დასკვნით ფაზაში ვცდებოდით. უდავოა, რომ მიქაუტაძემ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა და ამ მოსაზრების გასაბათილებლად, გარკვეულწილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანიოლმა "ლიონის" ფორვარდი მისთვის კომფორტულ პოზიციაზე არ განამწესა, რის გამოც, ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უწევდა აქტიურობა. თუმცა, გაშვებული გოლისთანავე, სანიოლმა დავითაშვილს დაუძახა, რომელმაც, თავის მხრივ, მთავარი მწვრთნელის სათქმელი მიქაუტაძეს გადასცა და მანაც ცენტრალურ ზონაში გადაინაცვლა. აქ კი უნდა ითქვას, რომ სხვაობა არ დაგვინახავს. სამწუხაროა, რომ "ლიონში" უთამაშებლობა მიქაუტაძის სათამაშო ხარისხზე მნიშვნელოვნად არის ასახული, თუმცა ცხადია, რთულ მომენტში ნაკრები და გულშემატკივარი მას გვერდში უდგას და დამსახურებიდან გამომდინარე, ასეც უნდა იყოს.

ვილი სანიოლის შეფასებით, მარცხამდე მომენტების ვერგამოყენებამ მიგვიყვანა. გარკვეულწილად, მისი ნათქვამი გაიმეორა სილვინიომაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ალბანელთა წარმატება, ტაქტიკაზე მეტად, სახიფათო მომენტის რეალიზაციამ განაპირობა. მეორე მხრივ, ალბანელთა ფრთხილი, მეორე ნომრად თამაშზე აწყობილი ტაქტიკა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა. მაგალითისთვის, ნათლად ჩანდა, თუ რამდენად კარგად გაანეიტრალეს ალბანელებმა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც 2 ალბანელი პირადი მცველივით არ შორდებოდა და მათი მოტყუების შემთხვევაში, დამზღვევად მესამე ალბანელი გვევლინებოდა. ამის შედეგად, ხვიჩამ, საკუთარ სტილში, ფლანგიდან ცენტრში შეჭრა და მეტოქის კარისკენ დარტყმა მხოლოდ ერთხელ, 75-ე წუთზე შეძლო.

ქოჩორას არყოფნა და გაშვებული გოლი

ამ მატჩმა ყველაზე მეტად დაგვანახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია დღევანდელ ნაკრებში გიორგი ქოჩორაშვილი (ისევე როგორც კიტეიშვილი, რომლის ტრავმიანობა ჩვენს სათამაშო ხარისხზე პირდაპირპროპორციულად ისახება). ცენტრალური ნახევარმცველის გარეშე, ზონას ხშირად ვკარგავდით. რთულია, შესანიშნავ ფორმაში მყოფ ზურიკო დავითაშვილზე რაიმე კრიტიკულის თქმა (მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ცუდი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია), თუმცა CM მისი პოზიცია ცალსახად არ არის. მეორე მხრივ, გამოკვეთილია პრობლემა - რიგ პოზიციებზე, გვყავს ფეხბურთელები, რომლების ჩანაცვლება ვერ ხერხდება, რასაც სანიოლიც ადასტურებს:

"საქართველოს ნაკრებს ქოჩორაშვილის მსგავსი მეორე ფეხბურთელი არ ჰყავს. სწორედ ამან გამოიწვია ტაქტიკური ცვლილებები", - აღნიშნა სანიოლმა მატჩის დასრულების შემდეგ.

ჩვენს გაშვებულ გოლს თუ დააკვირდებით, ქოჩორაშვილის არყოფნას აუცილებლად დაინახავთ. კაკაბაძემ ალბანელ ვიზავისთან, ნედიმ ბაირამისთან დუელი წააგო, კაშიამ კაკაბაძე დააზღვია, ალბანელთა ტანმაღალ ფორვარდთან მარტო დარჩენილი დვალის დასახმარებლად კიტეიშვილმა უკან ჩამოიწია და ცენტრალური ნახევარდაცვის ზონა ცარიელი დაგვრჩა - გოლიც სწორედ ამ მომენტში გავუშვით. მამარდაშვილსაც ვერ დავადანაშაულებთ - დარტყმის ბლოკირება მცველებს უნდა მოესწროთ, მამარდას სწორი პოზიცია ჰქონდა შერჩეული.

უნდა შეეცვალა თუ არა სანიოლს ტაქტიკა?

სანიოლზე სულ ამბობენ, რომ შეცვლებს აგვიანებს. საკამათო მოსაზრებაა, ორივე მხარეს ბევრი არგუმენტი გააჩნია. ალბანეთთან მატჩში რომ ძირეულ ცვლილებს ვეღარ შეიტანდა, ცხადია და ეს მან მატჩის შემდეგ თავადაც დაადასტურა. გამოდის რომ, მთელი ეს სიახლე თუ არეულობა, ქოჩორაშვილის არყოფნით იყო გამოწვეული, რომელსაც ფრანგმა სპეციალისტმა "Plan B" (მეორე გეგმა) უწოდა. საჭირო თუ არა ასეთი დრამატული ცვლილებები, ეს საკითხი განვიხილოთ.

დავუშვათ ის მოცემულობა, რომ სანიოლი ტაქტიკას არ ცვლის. ასეთ შემთხვევაში, ქოჩორაშვილის ადგილს სანდრო ალთუნაშვილი ან შოთა ნონიკაშვილი იკავებენ.

ალთუნაშვილი 27 წლის ნახევარმცველია, რომელიც ავსტრიის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე მყოფ "ვოლფსბერგერში" თამაშობს. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე 9 მატჩია, თუმცა მოედანზე 90 წუთი მხოლოდ ერთხელ გაატარა. სანაკრებო დონეზე, "ჯვაროსნების" მაისური 8-ჯერ მოირგო, თუმცა 90 წუთის განმავლობაში არცერთხელ უთამაშია.

თარიღი

მატჩი

მოედანზე გატარებული დრო

5/9/21

ესპანეთი (4:0 მარცხი)

21 წთ.

8/9/21

ბულგარეთი (4:1 მარცხი)

59 წთ.

12/10/23

ტაილანდი (8:0 გამარჯვება)

45 წთ.

19/11/23

ესპანეთი (3:1 მარცხი)

1 წთ.

9/6/24

მონტენეგრო (1:3 გამარჯვება)

24 წთ.

18/6/24

თურქეთი (1:3 მარცხი)

1 წთ.

30/6/24

ესპანეთი (1:4 მარცხი)

49 წთ.

10/9/24

ალბანეთი (0:1 გამარჯვება)

1 წთ.

რაც შეეხება შოთა ნონიკაშვილს - 23 წლის ნახევარმცველს ნაკრებში დებიუტი ჩეხეთთან მოგებულ მატჩში ჰქონდა და მოედანზე 15 წუთი დაჰყო. უკრაინულ "ჩერკასში" თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

უნდა ეთამაშათ თუ არა ქოჩორაშვილის ნაცვლად, იმავე პოზიციაზე, ნონიკაშვილს ან ალთუნაშვილს, ეს საკამათო საკითხია და მასზე პასუხს თქვენ დაგიტოვებთ. მთავარმა მწვრთნელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ალბანეთთან მატჩში დამარცხდა და შესაბამისი განმარტებებიც გააკეთა. წინ 2 მატჩი გველოდება და მთავარია, დაღმავალი შედეგი კვლავ მორიგი გამარჯვებებით ჩავანაცვლოთ.

ერთა ლიგის ეგიდით, საქართველოს ნაკრები კიდევ 2 მატჩს ჩაატარებს:

  • საქართველო Vs. უკრაინა | 16 ნოემბერი, 21:00

  • ჩეხეთი Vs. საქართველო | 19 ნოემბერი, 23:45

4 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ჩვენი ცხრილი ასე გამოიყურება:

ნაკრები

გოლები

ქულა

ჩეხეთი

7:7

7

საქართველო

5:3

6

ალბანეთი

3:4

6

უკრაინა

5:6

4

სხვა სტატიები