"საქართველოს ახალი თაობის კიდევ ერთი აღმოჩენა - მალე დიდ კლუბში ითამაშებს" - ევროპული მედია გოჩოლეიშვილის შესახებ წერს
ევროპული გამოცემა thesoccergoal.com-ი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და "საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც როგორც მისი, ისე ქართულ ფეხბურთში არსებული პროგრესის და საქართველოს ნაკრების წარმატების შესახებ წერს.
"2015 წელს, საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი იყო. ისინი მსოფლიოს რეიტინგში 122-ე ადგილს იკავებდნენ, რაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. ყველაზე ცუდ მომენტში, საქართველო 154-ე ადგილზეც კი იყო - ევროპაში მხოლოდ სამ ქვეყანას ჰქონდა უფრო დაბალი შედეგი. რეიტინგში მათ ზემოთ ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი და ყაზახეთი იყვნენ.
7 წლის შემდეგ სულ სხვა რეალობა გვაქვს: საქართველოს ნაკრებმა ახლახანს დაასრულა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის 2022 წლის გათამაშება წარმატებით და თითქმის 100%-იანი მაჩვენებლით; აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციას იკავებს. გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში"ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა; გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ში ცხრა მატჩში რვა გოლი აქვს გატანილი... ფორმაში მყოფი მოთამაშეების სია უსასრულოა.
საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შიდა ლიგის განვითარებაა. მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა დამოკიდებულია ორმაგი მოქალაქეობის მქონე ლეგიონერ ფეხბურთელებზე, საქართველოს ბევრი საუკეთესო მოთამაშე პირდაპირ ეროვნული ლიგიდან მოდის. ეროვნული ლიგა საუკეთესო პერსპექტივებს აჩენს და მათ კიდევ ერთი ვარსკვლავი ჰყავთ: გიორგი გოჩოლეიშვილი.
მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე გიორგი გოჩოლეიშვილი 21 წლის ფეხბურთელია, რომელიც "საბურთალოს" აკადემიიდან მთავარ გუნდში მოხვდა. მისი დებიუტი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში 2020 წელს შედგა. მისი მთავარ გუნდში დამკვიდრება თავდაპირველად შესაძლებელი, მაგრამ არცისე სავარაუდო ჩანდა.
ეს ყველაფერი 2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონის პირველი ტურის მატჩში შეიცვალა, როდესაც გოჩოლეიშვილი სათადარიგო სკამიდან, მატჩის ბოლოსკენ მოედანზე შევიდა და თბილისის "ლოკომოტივთან" მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა. ეტაპობრივად ის გუნდის შემადგენლობაში დამკვირდა, ხოლო სეზონის ბოლოს სასტარტო თერთმეტეულის წევრი გახდა.
წლის ბოლომდე გოჩოლეიშვილის დებიუტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც შედგა. მან ბელარუსთან გამარჯვებაში სრულად, 90 წუთის განმავლობაში ითამაშა და რუმინეთის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა. მალე კი იყო მისი მესამე მატჩი, რომელმაც ინგლისური სპორტული მედიის სათაურები დაისაკუთრა. გოჩოლეიშვილმა 2-ბურთიანი უპირატესობის ფლობის დროს, წარმოუდგენელი სოლო გარბენი შეასრულა და საქართველოს უპირატესობა სამამდე გაზარდა. ეს გამარჯვების გოლი გამოდგა.
ამ სეზონში გოჩოლეიშვილი აგრძელებს შთაბეჭდილების მოხდენას. მან გაიმყარა ადგილი "საბურთალოს" ნომერ პირველ მარჯვენა მცველად, თუმცა სხვადასხვა პოზიციებზე თამაშის შესაძლებლობაც გამოაჩინა. გოჩოლეიშვილმა ეროვნულ ლიგაში სამი გოლი გაიტანა და კიდევ სამი საგოლე პასი გააკეთა, "საბურთალოს" გოლების თითქმის 15%-ში უშუალო წვლილი მიუძღვის, რაც შთამბეჭდავია მარჯვენა მცველისთვის. მან მრავალი ჯილდო მოიპოვა სეზონის დაწყების შემდეგ და უმაღლესი დონის საერთაშორისო მოწვევა ძალიან შორს არ უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხშირად მარჯვენა მცველია, გოჩოლეიშვილის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი მრავალმხრივობაა, დაახლოებით ისე, როგორც ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანი ალვეშის შემთხვევაში. "ბარსელონას" ყოფილი მარჯვენაფლაგნელის მსგავსად, მას ძალიან კარგი დიაგონალური გადაცემები და დარტყმა აქვს. როგორც წინ, ისე დაცვაში ის შესანიშნავია და ე.წ. "ვინგ-ბექის" ფუნქციებს შესანიშნავად ასრულებს. დაცვაში გოჩოლეიშვილს შეუძლია გამოიყენოს თავისი შთამბეჭდავი სისწრაფე. ასევე, საკუთარ აღნაგობასთან შედარებით, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია.
გოჩოლეიშვილმა თავი საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად წარმოაჩინა და სავარაუდოდ მალე სხვა კლუბში გადავა. რეალურად, ის არ არის შორს ტოპ ხუთ ჩემპიონატში გადასვლისგან, რადგან ეროვნულმა ლიგამ ბოლო დროს რამდენიმე ფეხბურთელი გაგზავნა ტოპ კლუბებში. ფრანკფურტის "აინტრახტი" შეიძლება იყოს გუნდი, რომელიც მას შეეფერება, რადგან მათ არ აქვთ სიღრმე ამ პოზიციაზე.
გარდა ამისა, არის რამდენიმე სერია A-ს და ლა ლიგის კლუბი, რომლებსაც შეუძლიათ გოჩოლეიშვილის მომსახურებით ისარგებლონ. მათ სურთ, რომ ამ ნიჭიერ ფეხბურთელთან კონტრაქტი რაც შეიძლება მალე გააფორმონ, სანამ მისი ღირებულება არ აიწევს - გოჩოლეიშვილი იქნება საქართველოს ახალი ეპოქის დიდი ნაწილი", - წერს thesoccergoal.com-ი.
გიორგი გოჩოლეიშვილს "საბურთალოს" მთავარი გუნდის შემადგენლობაში 80 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში 8 გოლი და 11 საგოლე პასია.