Belive

სანტიაგო კანისარესი: "მამარდაშვილს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში თამაში შეუძლია"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ვალენსიას", მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა "ღამურებისა" და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის კარიერული მომავლის შესახებ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ის არის შესანიშნავი მეკარე, შესანიშნავი დონის. და როდესაც ასეთი ახალგაზრდა ასაკის მქონე მეკარე ყოველწლიურად უფრო მეტად იხვეწება ეს ნიშნავს იმას, რომ ის ფიქრობს: "მე ვარ კონცენტრირებული". ამიტომ, შეუძლებელია დღეს იმის გაგება თუ რა არის მისი მაქსიმალური დონე. დღეს ვერ გეტყვით, თუ რა დონეს შეიძლება მიაღწიოს განვითარების ამ ტემპით.

ის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო არჩევანი ნებისმიერი ევროპული გუნდისთვის. კლუბის ლიდერობა მას სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აქცევს. ამავე დროს, "ვალენსია" იძულებულია, რომ ყოველწლიურად გაუშვას ფეხბურთელები.

როგორც ვთქვი, ჩემი აზრით, მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში თამაში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, "ინტერსა" და "მილანშიც".

ვფიქრობ, ის არის მეკარე, რომელიც შეიძლება იყოს ისეთი გუნდის მეკარე, რომელიც შემდეგი 15 წლის განმავლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. მიმაჩნია, რომ ის "ვალენსიას" ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია", - თქვა სანტიაგო კანისარესმა.

რაც შეეხება ქართველ მეკარეს, 2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის”, ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ.

სხვა სტატიები