სანიოლი: "მიქაუტაძე კიდევ უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებს"
საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" სომხეთის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ორი მატჩის შედეგად, ჯამში 9:1 გამარჯვების შემდეგ, საქართველომ ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, სომხეთი კი C დივიზიონში გააგრძელებს ასპარეზობას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მატჩის შეფასება
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო B ლიგაში დარჩენა. მომავალში მაღალი დონის გუნდებთან ვითამაშებთ, რაც ჩვენი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ტაიმით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, ანგარიშიდან და განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, მეორე ტაიმში ასეთივე ინტენსივობის შენარჩუნება რთული იყო".
თაობათა ცვლა
"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მომავალზე ფიქრი დავიწყეთ - ყველაზე მეტად, ეს დაცვის ხაზს ეხება, სადაც რამდენიმე ვეტერანი გვყავს. განსაკუთრებით, საბა გოგლიჩიძის სახით, ჩვენ ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი გვყავს".
მიქაუტაძე
"მიქაუტაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მომავალში კიდევ უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებს. შეიძლება სხვა ფეხბურთელები მეტ სათამაშო დროს ელიან, მაგრამ მათ ვურჩევდი: გააგრძელონ მუშაობა და შანსს აუცილებლად მიიღებენ".
ტაქტიკური ცვლილება
"3-4 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ნაკრებს 3 მცველით ეთამაშა - იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მაშინ გამაჩნდა, ეს ტაქტიკა მაშინ ძალიან წარმატებული გამოდგა. ახლა სხვა რეალობაა: ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე და სხვები რეგულარულად თამაშობენ თავიანთ კლუბებში და მაქვს შესაძლებლობა, რომ სიახლეები შევიტანო გუნდში. სამომავლოდ, ეს ტაქტიკის შერჩევის პროცესში მოქნილს გაგვხდის".
- ვილი სანიოლი