"კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებისგან განსხვავებით უფრო ძლიერი მეტოქეა" - ვილი სანიოლი
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრების ფარგლებში მეორე ამხანაგურ მატჩს კაბო-ვერდეს წინააღმდეგ, ქუთაისში გამართავს.
ჩვენი გუნდი ქუთაისში დღეს გაემგზავრა და მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. საქართველო - კაბო-ვერდეს დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩამდე პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა ისაუბრა:
კაბო ვერდეს ეროვნული ნაკრები ფარერებისგან განსხვავებით უფრო ძლიერი და განსხვავებული სტილის მეტოქეა. რთული თამაში იქნება, ამიტომ ჩვენმა ფეხბურთელებმაც უფრო მეტი მონდომებით უნდა ითამაშონ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური შეხვედრაა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.
შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც ფარერებთან ითამაშეს, მინდა კიდევ დავაკვირდე, მაგრამ ასევე ვათამაშებ იმ ფეხბურთელებსაც, რომლებსაც ფარერებთან თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემიათ.
ივნისი ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია, მაგრამ მათი თამაშებისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ, მათ დამოკიდებულებაში დისციპლინა და ამბიცია იგრძნობა. ზოგადად, 2022 წლის ერთად ლიგიდან მოყოლებული, ნაკრებში შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ.
მე არ ვმონაწილეობ იმ საკითხის განხილვაში თუ რომელ ქალაქში ჩატარდება მატჩი, ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და ეს ფედერაციის სტრატეგიაა, რომ რეგიონებში ვითამაშოთ, ქუთაისში თამაშის დანიშვნა მეც მომწონს.
ფარერებთან ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. მთავარია შეცდომები კაბო ვერდესთან აღარ დავუშვათ. - ვილი სანიოლი - ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი