სანიოლი: "დაცვის გაუმჯობესებაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს"
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო საშინაო მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ლუის დე ლა ფუენტეს იდეალურ საფეხბურთო სისტემას გასაღები ვერ უპოვა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა. გოლების ავტორები მიკელ ოიარსაბალი (11, 63), მარტინ სუბიმენდი (22) და ფერან ტორესი (32) გახდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მატჩის შედეგი ბევრ რამეზე მეტყველებს. უკანა ხაზში სუსტად გამოვიყურებოდით და ამ კომპონენტის გაუმჯობესებაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ესპანეთი ძალიან დიდი გუნდია და როდესაც ასეთი დონის ნაკრებს სუსტი დაცვით ეთამაშები, გამარჯვების შანსი არ მოგეცემა.
მოგეხსენებათ, მარტიდან მოყოლებული საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა საკუთარი რესურსი ამოწურა. პირველ რიგში, ეს დაცვის ხაზს ეხება, რომლის გადახალისებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. თუმცა მე მჯერა, რომ ამას შევძლებთ და მომდევნო ტურნირზე უკეთეს ნაკრებს იხილავთ.
კარგად მიცნობთ: ღიად ვსაუბრობ ყველა პრობლემასა თუ გამოწვევაზე და არ მგონია, რომ ჩემს ნაცვლად სხვა რომ მოვიდეს, მომენტალურად შეძლოს პრობლემების გამოსწორება.
ოქტომბრის თამაშებთან შედარებით, ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით შეტევის ფორმირებაში, მოედანზე უკეთესად გადავადგილდებოდით და ბიჭების მონდომება აუცილებლად გამოსაყოფია. მომავლისთვის, ეს მხოლოდ კარგი ნიშანია.
დე ლა ფუენტეს მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს და იმედია მის წინააღმდეგ მუშაობა აღარ მომიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკრებს დავტოვებ. - ვილი სანიოლი
საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი ნაკრები 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 22:25-ზე დაიწყება.