Belive

სამუელ ინკუმი: "მინდა ჩემი გამოცდილება ქართულ ფეხბურთს გავუზიარო და განვითარებაში დავეხმარო"

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
სამუელ ინკუმი საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერია. განელი ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატს 2020 წლის დასაწყისში შეუერთდა და "სამტრედიას" მაისურით 14 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. 31 წლის ფეხბურთელი ამპლუით მარჯვენა მცველია, თუმცა მას შეგვიძლია უნივერსალი ვუწოდოთ, ვინაიდან თამაში როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე ნახევარდაცვასა და შეტევაშიც კარგად ეხერხება. განის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც კარიერაში ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშია, იმერულ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და ამჟამად თავისუფალი აგენტია, თუმცა როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო ძალიან შეუყვარდა და ქართული ფეხბურთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებას მომავალშიც აპირებს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე "ბაზელის", "დნიპროს", "დი სი იუნაიტედის", "ანთალიასპორის", "ბოავიშტასა" და "ბასტიას" ყოფილმა ფეხბურთელმა Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 2020 წელი მსოფლიოსთვის რთული გამოდგა და გამონაკლისი არც ქართული ფეხბურთი იყო. როგორ იმოქმედა პანდემიამ "სამტრედიაზე" და შეძელით თუ არა დასახული მიზნის შესრულება? რამდენად კმაყოფილი ხარ როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად ნაჩვენები შედეგით? ჩვენი პირველი ინტერვიუს დროს გითხარი, რომ გუნდის მიზანი ჩემპიონობისთვის ბრძოლა იქნებოდა, რაშიც პანდემიამ ხელი შეგვიშალა და დასახულ წერტილს ვერ მივაღწიეთ. თუმცა ეს ფეხბურთია, რომელშიც ყველაფერი ხდება. თუმცა, ამ გუნდს მომატების და გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის პერსპექტივა ნამდვილად აქვს. როგორია შენი შთაბეჭდილებები საქართველოში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ? მე ვფიქრობ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელშიც ფეხბურთი ძალიან უყვართ და იმ რესურსის ფარგლებში, რომელიც არსებობს, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის მაქსიმუმს აკეთებენ. ასევე, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ნაკრები გყავთ, თქვენს რამდენიმე მატჩს ვუყურე და დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა. ვიცი, რომ 30 წლის განმავლობაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე ოცნებობდით და ამის ისტორიული შანსი დაკარგეთ. ვთვლი, რომ ეს უიღბლობის ბრალი იყო, მაგრამ მჯერა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ქართული ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზე ავა და თავის სიტყვას იტყვის. ეროვნულ ლიგაში სრული სეზონის შემდეგ, რას იტყვი, რომელი გუნდი იყო ყველაზე რთული მეტოქე საქართველოს ჩემპიონატში და ასევე, როგორც მცველს რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გაგიჭირდა განსაკუთრებით თამაში? ვფიქრობ, "დინამო თბილისი" და "დინამო ბათუმი" ყველაზე ძლიერი გუნდები არიან საქართველოში და მათთან თამაში უფრო რთულია. რაც შეეხება თავდამსხმელს,ვფიქრობ, გორის "დილას" უკრაინელი ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი ის ფეხბურთელია, რომლის განეიტრალებაც ყველაზე რთული ამოცანაა. ჩვენი პირველი საუბრის დროს მითხარი, რომ ჯაბა კანკავას, რომელიც შენი თანაგუნდელი იყო, დაპირდი, რომ საქართველოში შავი ზღვის სანახავად აუცილებლად ჩამოხვიდოდი? შეასრულე პირობა? სკოლაში ისტორიის და გეოგრაფიის სწავლის დროს შავი ზღვის ნახვის სურვილი გამიჩნდა. როგორც კი ბათუმურ კლუბთან თამაში მოგვიწია, მე ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი, ზღვაზეც ვისეირნე და შემიძლია ვთქვა, რომ აღფრთოვანებული ვარ როგორც ბუნებით, ისე მთლიანად ქალაქის სილამაზით. შენ ასევე მითხარი, რომ ქართული ენა მოგეწონა და მის შესწავლას აპირებდი? ამ მხრივ წინსვლა ხომ არ გაქვს? ქართული ენა საკმაოდ რთული და საინტერესოა. მაქვს სურვილი, რომ შევისწავლო. ვცდილობ ამ მხრივ უფრო განვვითარდე, ჩემს ლექსიკონს რამდენიმე ახალი სიტყვა შევმატე. რა თქმა უნდა, იდეალურად არ გამომდის, მაგრამ ცდას არ ვაკლებ. როცა ჩემს აგენტს, გეგი კიკაბიძეს ვხვდებოდი, ის გაოცებული რჩებოდა იმით, თუ რამდენად კარგად მესმოდა ძალიან რთულად დასამახსოვრებელი ქართული სიტყვები. "სამტრედიასთან" შენი კონტრაქტი ამოიწურა. რას აპირებ მომავალში. გეგმავ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? საქართველო ძალიან შემიყვარდა და იქ დაბრუნების დიდი სურვილი მაქვს. ჯერჯერობით უცნობია ჩემი და "სამტრედიას" ურთიერთობის მომავალი, თუმცა ნებისმიერი შემოთავაზების მისაღებად მზად ვარ. თუ ჩემი აგენტი ახალ შემოთავაზებას მომაწვდის საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ეს ქვეყანა ძალიან მოწონს და ჩემი დიდი სურვილია, რომ ის გამოცდილება, რომელიც გამაჩნია, ქართული ფეხბურთის განვითარებას მოვახმარო. ყველას გილოცავთ ახალ წელს და წარმატებას გისურვებთ! ასევე იხილეთ:  სამუელ ინკუმი: “ჯაბა კანკავას შევპირდი, რომ საქართველოში ჩამოვიდოდი”

სხვა სტატიები