სალერნიტანას მეტოქე სერია B-ს პლეი აუტში ცნობილია
ქართველი ფეხბურთელის ლუკა ლოჩოშვილის სალერნიტანა სერია B-ს პლეი აუტის ორმატჩიან დუელში სამპდორიას დაუპირისპირდება. თავდაპირველად სალერნოს გუნდი გიორგი კვერნაძის ფროზინონეს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ცხრილში მდგომარეობა შეიცვალა. სიტუაცია ასე განვითარდა: ბრეშამ სერია B-ს ცხრილში 43 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილი დაიკავა, რითაც ის გავარდნას თითქოს გადაურჩა და აღნიშნულ ჩემპიონატში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ მათ დარღვევები გამოუაშკარავდათ და 4 ქულა ჩამოაკლდათ, ამის გამო ისინი პლეი აუტის თამაშის გარეშე სერია C-ში გავარდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრეშას ქულების დაკლების გამო გიორგი კვერნაძის ფროზინონემ იხეირა, კონკრეტულად ისინი დაქვეითებას გადაურჩნენ და სერია B-ში ადგილი შეინარჩუნეს, მათი ადგილი კი სამპდორიამ დაიკავა და სწორედ ამიტომ გენუის გუნდი სალერნიტანას დაუპირისპირდება.
სალერნიტანასა და სამპდორიას შორის პირველი შეხვედრა 15 ივნისს გენუაში, ხოლო 20 ივნისს სალერნოში გაიმართება. წაგებული სერია C-ში დაქვეითდება, მოგებული კი სერია B-ში ადგილს შეინარჩუნებს
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი სალერნიტანაში იჯარით ასპარეზობს. ქართველი კრემონეზეს საკუთრებაა, რომელიც სერია A-ში აღზევდა.
